ქმედითი ადამიანის აღზრდა - აღზრდა თავისუფლებისკენ
თეა როგავა
18.01.2022
ჰოლისტიკური განვითარება
სწავლა-სწავლების პროცესში მნიშვნელოვანი ბავშვია და არა მისაღწევი შედეგი. ვალდორფის პედაგოგიკა ეს არის „თავის, გულისა და ხელის“ პედაგოგიკა. ეს ნიშნავს, რომ სკოლა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აზროვნების, გრძნობისა და ნების თანაბარზომიერ, დაბალანსებულ განვითარებას. ეს არის ადამიანის განვითარების ქვაკუთხედი, რადგან გარემომცველი სამყაროს აღქმა, მიღება, მოხელთება მოიცავს ადამიანს მთელი თავისი არსით. მშრალი ფაქტებით სწავლებას თან უნდა სდევდეს ამ ფაქტების არსში წვდომა, პრაქტიკული გამოცდა, გათავისება საკუთარი უნარებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე მიდგომების მეშვეობით.
ზუსტი მეცნიერებები თვალხილულ, დაკვირვებად, დროსა და სივრცეში არსებულ სინამდვილეს შეისწავლიან, ხელოვნება – გარესამყაროს იდეებს, აზრებს მხატვრული ხერხებით გადმოსცემს, ლოგიკურ და ანალიტიკურ აზროვნებასთან ერთად ის ასოციაციურ აზროვნებასაც ავითარებს, პრაქტიკული საქმიანობები კი წვრთნის ნებას და საბოლოოდ ადამიანი იზრდება „გამჭრიახი ჭკუით, ღრმა გრძნობით და მტკიცე ხასიათით“ .
ჰოლისტიკური განვითარება სამყაროს მთლიან, ერთიან სურათს ქმნის. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, ცალკეულ საგანთა და მოვლენათა ურთიერთკავშირი თვალნათლივ დაინახოს, რაც სამყაროს შემეცნების, განცდის და მისი უკეთესობისკენ შეცვლის სურვილს აცოცხლებს მოზარდში.
ქმედითი ადამიანის აღზრდა – აღზრდა თავისუფლებისკენ
თანამედროვე, ცვალებად სამყაროში ადამიანი საჭიროებს სწრაფ ადაპტაციას. მრავალმხრივი პრაქტიკული ქმედებები, წარმატებული თუ წარუმატებელი მცდელობები, სამყაროს მრავალწახნაგოვანი შემეცნება ზრდის ადამიანში ჯანსაღ თავდაჯერებულობას, რაც განაპირობებს იმას, რომ მისი სურვილები, მიდრეკილებები, განვითარების მიმართულებები სამყაროსადმი მომხმარებლურ დამოკიდებულებას კი არ აჩენს, არამედ სრულყოფს და ავსებს მას.
ეკონომიკურ-პოლიტიკური ზეგავლენა განათლების სისტემაზე ხშირად განაპირობებს სასწავლო დაწესებულების მიზანს. მოთხოვნის შესაბამისი განათლების პარალელურად არსებობს ადამიანის შინაგანი, ფართო მოთხოვნილებების შესატყვისი განათლებაც, რომელიც გულისხმობს ადამიანისა და გარე სამყაროს ჰარმონიულ თანაარსებობას. უმეტეს შემთხვევაში ასეთ მოცემულობაში იზრდება ადამიანი, რომელიც თავისი შესაძლებლობების შესაბამისად განსაზღვრავს საკუთარ როლსა და ადგილს საზოგადოებაში. ასეთი ადამიანების არსებობა აძლევს კაცობრიობას შესაძლებლობას განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს და შემოქმედებითად მიუდგეს საჭიროებებს. არ იყოს ბრმა შემსრულებელი, არამედ მოქნილი აზროვნებით, გრძნობითა და აქტიური ქმედებით ინდივიდუალური იმპულსის გამტარებლად მოგვევლინოს.