უცხო ენების სწავლება
ბარბარა ჯიმელი სულაშვილი
19.01.2022
ვალდორფის სკოლა უცხო ენის გაკვეთილის ფარგლებში ქმნის შესაბამის საკომუნიკაციო გარემოს, სთავაზობს მოსწავლეებს არაერთ სამარჯვს, რათა მან უცხოენოვან სივრცეში საკუთარი პიროვნული თვისებებისა და შესაძლებლობების გამოვლენა შეძლოს. სხვა კულტურისა და ენის გათავისება, შესწავლა უმნიშვნელოვანესი საკომუნიკაციო და კულტურათა შემაკავშირებელი ინსტრუმენტია. მრავალენოვანი და მრავალფეროვანი სამყაროს მიმართ კეთილგანწყობილი ურთიერთობის აგება დღესდღეობით განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ღირებულებაა. ენობრივ გარემოში ჩაღრმავებით, ემპათიის უნარის განვითარებასთან ერთად, მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა საკუთარი იდენტობის კვლევისა, ყოველივე ეს კი უზრუნვეყოფს
კულტურათა შორის ურთიერთგაგებას და მსოფლიოში სიმშვიდის დამყარებას.1
ამიტომაც, ვალდორფის პედაგოგიკის პრინციპის გათვალისწინებით, მოსწავლეები პირველი კლასიდან სწავლობენ ორ უცხო ენას – ინგლისურს, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმაში გათვალისწინებულ პირველ უცხო ენას, და გერმანულს. გერმანული ენის სწავლება ჩვენი სკოლისთვის მნიშვნელოვანია, რადგან, გვაქვს მრავალმხრივი კავშირები გერმანიასა და შვეიცარიაში არსებულ ვალდორფის სკოლებთან.
დაბალ საფეხურზე (I-IV კლასები) მოსწავლეები უცხო ენის გაკვეთილებზე „ეფლობიან ენათა სამყაროში“, განიცდიან ენას მთლიანობაში და გრძნობით უკავშირებიან მას. საწყის ეტაპზე ეს ხორციელდება ზეპირი მეტყველების მეშვეობით: ლექსებით, სიმღერებით და ყოველდღიური ცხოვრებიდან აღებული მცირე ზომის დიალოგებით.
სწავლა-სწავლება მშობლიური ენის დასწავლის მსგავსია. ამგვარად, ოთხი წლის მანძილზე, მოსწავლეებს შეხვდებათ უცხო ენების ყველა ძირითადი გრამატიკული ელემენტი, ისევე, როგორც საბაზისო (A1 დონის) სიტყვიერი მარაგი. მეოთხე კლასში, უკვე კარგად გავარჯიშებულ და ნაცნობ სიტყვებსა და გრამატიკულ ფორმებს, მოსწავლეები აქტიურად გაავარჯიშებენ ინგლისურ და გერმანულ ენაში, წერასა და კითხვაში.
ეტაპობრივად, საფუძველი ეყრება ანალიტიკური სწავლის პროცესს, განსაკუთრებული ყურადღება ამ მიმართულებას ეთმობა შუა და მაღალ საფეხურზე. წლიდან წლამდე გრამატიკული სტრუქტურები იხვეწება და სიტყვის მარაგი ფართოვდება. მოსწავლეებს ეძლევათ მრავალი შესაძლებლობა, დამოუკიდებლად შეასრულონ მრავალფეროვანი სავარჯიშოები. ასე განვითარდება შინაგანი მოქნილობა და დადებითი თვითშეფასება.
შუა საფეხურებზე სწავლების მრავალფეროვან მეთოდებს ემატება ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, ორიგინალ კლასიკურ ტექსტებზე მუშაობა. ეს სწავლების ძირითადი ხაზია, მას ავსებს საგაკვეთილო პროცესს მიღმა განხორციელებული აქტივობები: მეგობრული მიმოწერა პარტნიორ სკოლებთან და უცხო ენაზე გამართული სპექტაკლები.
მაღალ საფეხურზე ენის დიფერენციაციასა და მართლმეტყველებაზე მუშაობენ. სიტყვის მარაგის გასაფართოვებლად უფრო ფართო – კულტურული, ისტორიული და სოციალური – თემები მუშავდება. მოსწავლეები ეცნობიან კლასიკოსი მწერლების ნამუშევრებთან ერთად თანამედროვე მწერალთა ნაწარმოებებსაც, ასევე – ფაქტობრივ ტექსტებს. კრეატიული (შემოქმედებითი) წერა და დრამატურგიული პროექტები ამთლიანებენ და სრულყოფენ ინტენსიურ მუშაობას.
1“Gewinnung eines neuen Standpunktes in der bisherigen Weltansicht”. (Humboldt, W.v. (1836): Über die Verschiedenheit des menschlichen Sörachbaus und ihren Einfluss auf die geistige Entwicklung des Menschengeschlechts, Berlin.