სწავლა - ჰოლისტიკური პროცესი
თეა როგავა
20.02.2022
ვალდორფის პედაგოგიკა ადამიანს ავითარებს მთლიანობაში. აღზრდის, განათლების, სწავლა სწავლების პროცესი მიმართულია ფიზიკური სხეულის, ფსიქო-ემოციური, მშვინვიერი, სულიერი ასპექტების განვითარებისკენ. ვარჯიშით, პრაქტიკული ქმედებებით, მხატვრულ შემოქმედებითი მუშაობით, თვალსაჩინოებებით, აღმოჩენებით ხდება ვალდორფის სკოლებში ადამიანის სრულად ჩართვა სასწავლო პროცესში. ნებისმიერი მკვიდრი ცნება, განსჯა, ცოდნა, რომელსაც არ უდევს საფუძვლად მშვინვიერ-პრაქტიკული გამოცდილება, აფერხებს ადამიანის შემდგომ განვითარებას და ართმევს მას შესაძლებლობას, იყოს შინაგანად თავისუფალი და მოქნილი.
შედეგი არა შედეგისთვის, არამედ სასწავლო პროცესი, როგორც „შედეგი“ არის ვალდორფის პედაგოგიკის ქვაკუთხედი. შესაბამისად, სამყაროს შემეცნება უკვე გამყარებული ცნებების დამახსოვრებით კი არ ხდება, არამედ მოსწავლის გამოცდილებაზეა დაფუძნებული.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ გულისხმობს თემებისა და სასწავლო, თუნდაც სამეცნიერო შინაარსების ინფორმაციულ სიმწირეს. პირიქით, ეს მოითხოვს პედაგოგისგან ასაკის შესაბამისად სასწავლო მასალის გააზრებულ, კონკრეტულ და ცოცხლად მიწოდებას, შედეგად წარმოიშვება მოსწავლეს და მასწავლებლებს შორის უშუალო, საქმიანი ურთიერთობები, რაც სწავლა-სწავლების საფუძველს წარმოადგენს.
ადამიანის ჩართვა სასწავლო პროცესში მისი მთლიანობის (ფიზიკურ-სხეულებრივი, მშვინვიერი, სულიერ-ინტელექტუალური) გათვალისწინებით ზრდის მოსწავლის საგნობრივ, მეთოდურ, სოციალურ და პიროვნულ კომპეტენციებს.
სწავლა – პრაქტიკული პროცესი
ვალდორფის პედაგოგიკის მიზანი არ გახლავთ „მომავალი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება“. სწავლების პროცესი საკუთრივ გულისხმობს, მოიცავს და სთავაზობს მოზარდ ადამიანს დამოუკიდებელ ცხოვრებას. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი პირველივე შვიდწლეულიდან აგროვებს გამოცდილებას, ცოდნას და უნარებს ყოველი შემდგომი ეტაპისთვის, რათა მან სრულფასოვნად, დამოუკიდებლად გააგრძელოს ცხოვრების გზა.
ამრიგად, დაწყებით საფეხურზე ყურადღების გამახვილება ხდება არა მხოლოდ იმაზე, თუ როგორ ვითარდება აკადემიური მიღწევები, არამედ იმაზეც, თუ როგორ ახერხებს მოსწავლე ცოდნის გამოყენებას პრაქტიკულად, ყოველდღიურ ცხოვრებაში; დააგროვა თუ არა მან გრძნობადი და ფიზიკური უნარ-ჩვევები. ზოგადად, ცოდნის დაგროვება ცალკე გამოყოფილი პროცესი არ არის, ის სამყაროსთან ურთიერთობის დროს გროვდება და საჭიროებს პრაქტიკულ გამოცდილებას.
რეალური პირობების სიმულაციური იმიტაცია ვერ განიხილება დასწავლის საუკეთესო გზად, რადგან ის მოკლებულია ფუნქციურობას და აბსტრაქტულია. სწავლა კეთებით, აღმოჩენებით, საკუთარი გამოცდილებით, დაკვირვებით – ეს არის ვალდორფის პედაგოგიკის კიდევ ერთი საფუძველი. უმეტეს შემთხვევაში განზოგადება, აბსტრაგირება კონკრეტული მაგალითიდან უნდა მომდინარეობდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში ამყარებს აღსაზრდელი სწორ მიმართებას და ცოცხალ ურთიერთკავშირს სამყაროსთან, მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებასაც ამ პირობებში ახერხებს.
კლასების, ცალკეული ჯგუფების ერთობლივი პროექტები, თანამშრომლობითი მუშაობები: ექსკურსიები, ლაშქრობები, შემოქმედებითი გასვლები, ხელსაქმე, საოჯახო და სახელობო აქტივობები წინაპირობაა ამ პროცესების დროს მიმდინარე აბსტრაქტული ცნებების მოხელთება-გააზრებისთვის. ყველა ეს აქტივობა ამავდროულად უზრუნველყოფს მოგვიანებით ფიზიკის, მათემატიკის, ბიოლოგიის, ისტორიის და სხვა სასკოლო საგნების გააზრება-გაგებას.
სწავლა – დამოუკიდებელი პროცესი
ზემოთ აღნიშნული პროცესები ზრდის მოსწავლის დამოუკიდებლობის ხარისხს. ის სწავლობს სწავლას, შინაგანი და გარეგნული აქტივობებით აგროვებს გამოცდილებას, შეიმეცნებს, იაზრებს, გამოცდილებიდან ცნებებამდე მიდის დამოუკიდებლად და საბოლოოდ საკუთარი მე-ს ფორმირებით არის დაკავებული. ეს აძლევს მას შესაძლებლობას, გაიაზროს თვითგანვითარების პროცესი და გზა, რომელსაც გადის გამოცდილებიდან შემეცნებამდე.
ვალდორფის პედაგოგიკის ერთ-ერთი მიზანია ადამიანის მიერ საკითხის ინდივიდუალურად, სიღრმისეულად წვდომის უნარის გამომუშავება და ქმედებების თანმდევი პასუხისმგებლობების გათვლა-გათავისება.
სწავლა, როგორც დამოუკიდებელი პროცესი, გულისხმობს ქმედებაზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს, სადაც მოსწავლე გონებით, გრძნობით და ქმედებით თანაბრად არის ჩართული. ამ შემთხვევაში დამოუკიდებლობა უნარად ყალიბდება და მოსწავლე რეალურ ცხოვრებასა და დასწავლას არ მიჯნავს ერთმანეთისგან.
ამ მიმართულებით მუშაობისას ვალდორფის პედაგოგიკაში გამოყოფენ სამ მნიშვნელოვან დიდაქტიკურ ხაზს (მარტინ ვაგენშაინი).
ეგზემპლარული სწავლება – გულისხმობს გაკვეთილზე განსახილველ-საკვლევი შინაარსების გარკვეული სახით რედუცირებას, შემცირებას. დასასწავლი მასალის რაოდენობრივმა სიმრავლემ განაპირობა მშრალი, ენციკლოპედიური დამახსოვრების აუცილებლობა და შეამცირა შემეცნების საშუალება. ეგზემპლარული სწავლების დროს პედაგოგმა განსახილველი მასალის ცალკეული ელემენტების გავლით მოსწავლე მთლიანობის გაგებისკენ უნდა წაიყვანოს. მსგავსი მუშაობით მასალის სიმრავლე კი არ არის წარმატების განმსაზღვრელი, არამედ სწავლის პროცესი, რომელსაც მოსწავლე ხალისით ასრულებს. ამ შემთხვევაში ემპირიული კვლევის საგანი ხდება არა ცალკეული საკითხების დანაწევრება და მათი დამახსოვრება, არამედ ცალკეულში მთლიანის ძიება.
გენეტიკური სწავლა – ეს გულისხმობს უცნობი სამყაროს შემეცნებით გამოწვეული აღფრთოვანების წინა პლანზე წამოწევას. მასწავლებელი ამ შემთხვევაში არ არის ცოდნის პირდაპირი გადამცემი, არამედ ის უბიძგებს მოსწავლეს გახდეს თანამკვლევარი, თანამოსაუბრე და მეგზურობას უწევს მას შემეცნების გზაზე. პედაგოგი მოსწავლეს „მეცნიერულ თანამკვლევრად“ აღიქვამს. ამ შემთხვევაში გაკვეთილის სტრუქტურაც იცვლება და მოსწავლეების მიერ გაკეთებული დაკვირვებები, კითხვები განსაზღვრავს პასუხთა სიმრავლეს, ამ სიმრავლიდან წარმოშობილ სიღრმეს, ინტენსივობას. ნებისმიერი პასუხი ახალი კითხვის წარმოშობის, ახალი კვლავის საგანი შეიძლება გახდეს. ამ პროცესის თანმდევი ცდომილებები – ცხოვრებისეული გამოცდილებაა. საზოგადოდ, პირდაპირი სწავლის მეთოდს „არ უყვარს ეჭვები“, რადგან იქ უკვე გათვალისწინებული და გამორიცხულია შეცდომა, რაც მოსწავლეს რეალურ ცხოვრებასთან აშორებს. სწავლების პროცესისადმი აქ აღწერილი მიდგომის შემთხევაში კი შემეცნების პროცესი მეტად ცოცხალია. გარდა ამისა, პირდაპირი სწავლების მეთოდით მიღებული ცოდნა „დარწმუნებულობის ჯანსაღ გრძნობასაც ვერ ბადებს ადამიანში“.
სოკრატესეული სწავლა – ამ შემთხვევაში გაკვეთილი იცვლის „იერსახეს“. მასწავლებელი ხდება არა პასუხის გამცემი, არამედ კითხვის დამსმელი. ის ქმნის საჭირო გარემოს ქმედებისთვის, ამზადებს, აფორმირებს კითხვებს, რაც მხოლოდ შედეგზე ორიენტირებული გაკვეთილის წარმართვას კი არ გულისხმობს, არამედ თვით მიმდინარე პროცესს ხდის მნიშვნელოვანს. მასწავლებელი მოსწავლეებს უბიძგებს კვლევისკენ. ნებისმიერ კითხვა შეიძლება პედაგოგმა გამოიყენოს ახალი იმპულსის გასაძლიერებლად ან შესანელებლად, მთავარია მოსწავლეს დამოუკიდებელი აზროვნება გაუაქტიურდეს. ნებისმიერი ცოდნა, რომელიც ქმედებასთან დაკავშირებული აზროვნებით იქნა მოხელთებული, ტოვებს ადამიანში მისი რეალური გამოყენების შესაძლებლობას, რადგან ის არსებული რეალობიდან მიღებული გამოცდილებაა.
სწავლა პირველწყაროდან
როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, სწავლა-სწავლება გულისხმობს ცოდნის მიღებას, გააზრებასა და გამოყენებას. რადგანაც ვალდორფის სკოლაში ყველაფერი რეალურ ცხოვრებას უკავშირდება, სკოლა ავალდებულებს პედაგოგს სასწავლო მასალა მოსწავლეებთან ერთად დაამუშაოს პირველწყაროდან (გარდა გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებისა). ცალკეული ამონარიდის დამუშავება უშუალოდ წიგნებიდან ხდება, რაც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეს, მაგალითად, ტექსტის სრულ ვერსიასაც გაეცნოს. პედაგოგი მეტი შემოქმედებითობითა და თავისუფლებით აგებს სასწავლო მასალას კლასის საერთო უნარების, შესაძლებლობებისა და ინდივიდუალური მოცემულობის შესაბამისად. სხვადასხვა ინფორმაციის მოპოვება, პირველწაყროსთან კონტაქტი, საერთო წიგნიერების დონის ამაღლებასაც უწყობს ხელს და საგანმანათლებლო რესურსების მრავალფეროვნებასაც.
შემეცნების პროცესში ადაპტირებული ვერსია არ გამოიყენება. რასაკვირველია, ეს რთულია, მეტ ძალისხმევასაც მოითხოვს, მაგრამ მოსწავლეები იმსახურებენ საუკეთესოს.
გამოყენებული ლიტერატურა:
Tobias Richter. Pädagogischer Auftrag und Unterrichtsziele – vom Lehrplan der Waldorfschule- 5. Auflage, 2019 (Hardcover)
Wenzel M. Götte (Autor), Peter Loebell (Autor): Klaus-Michael Maurer (Autor): Entwicklungsaufgaben und Kompetenzen: Zum Bildungsplan der Waldorfschule (Menschenkunde und Erziehung)