ინკლუზიური განათლება
ანანო ხუსკივაძე
03.02.2022
ა(ა)იპ „ვალდორფის პედაგოგიკის კამპუსი ლისის“ მიზანს წარმოადგენს ყველა ბავშვის ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებით შექმნას სწავლისა და მრავალმხრივი განვითარებისთვის, თვითრეალიზებისთვის საჭირო ყველა პირობა.
ვალდორფის პედაგოგიკა ითვალისწინებს მოსწავლეთა უნარების, ინტერესების, გამოცდილებისა და სხვა თავისებურებათა მრავალფეროვნებას და მიზნად ისახავს მათ აღმოჩენასა და ყველა მოსწავლის ინდივიდუალური განვითარებისთვის შესაფერისი პირობების შექმნას, რაც ინკლუზიური განათლების საფუძველია;
მრავალფეროვნებას განვიხილავთ, როგორც პედაგოგიკურ რესურს, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია თითოეულ მოსწავლეს მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობა მივცეთ;
მრავალფეროვნების ხელშეწყობაში ვგულისხმობთ მდიდარ, სწორად დაგეგმილ, სხვადასხვა მეთოდით წარმართულ სასწავლო პროცესს, როდესაც მოსწავლეები სწავლობენ ერთმანეთისაგან და თითოეული მათგანი საკუთარი პოტენციალის სრულ გამოვლენას ახერხებს.
ინკლუზიური განათლების მიზანს წარმოადგენს:
- სკოლაში პოზიტიური ატმოსფეროს, არადისკრიმინაციული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, როგორც ფიზიკურ გარემოში არსებული, ასევე ადამიანების წარმოდგენებითა და შეხედულებებით შექმნილი ბარიერების მოხსნა;
- სკოლის საზოგადების ცნობიერების ამაღლებაზე, ინკლუზიური განათლების, როგორც სკოლის საზოგადოების პასუხისმგებლობის, გააზრებაზე ზრუნვა;
- ჯგუფური თანამშრომლური, ორგანიზებული მუშაობა მოსწავლეთა ხელშესაწყობად; • მოსწავლეებთან თითოეულ საფეხურზე ასაკის შესაბამისი მუშაობა, იმისათვის, რომ ისინი გახდნენ უფრო ემპათიურნი, ტოლერანტულნი, განსხვავებულობის მიმღებნი (დაწყებით კლასებში როლური თამაშები, ზღაპრები, მაღალ კლასებში მეგობარი კლასები, სოციალური, სამეურნეო, ეკოლოგიური პრაქტიკა და ა.შ);
- ზრუნვა მასწავლებლების ხელშეწყობასა და პროფესიულ განვითარებაზე, სსსმ მოსწავლეთა სწავლების თავისებურებების შესახებ ცოდნის ამაღლება (სავალდებულო შესავალი სემინარი, სადაცმასწავლებლები გაეცნობიან ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს);
- გულისხმიერების გამოჩენა ყველა მოსწავლის სირთულეების, საჭიროებების მიმართ, მათთვის სათანადო ყურადღების დათმობა, შესწავლა და დამხმარე გზების, საჭირო რესურსების მოძიებაზე ზრუნვა, მათი გონივრული გამოყენება;
- ვალდორფის პედაგოგიკაში არსებული ინკლუზიური განათლების განხორციელებისათვის ხელშემწყობი მიდგომების, მეთოდების, რესურსების გააზრება და მათი გამოყენება, ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა, სიახლეების ძიება.
ვალდორფის პედაგოგიკაზე დაფუძნებული სასკოლო ცხოვრება ინკლუზიური განათლების განხორციელებისათვის ხელშემწყობ ნიადაგს ქმნის, კერძოდ, მნიშვნელოვანია :
- მასალის მიწოდების მრავალფეროვნება — მასალის წარდგენა, შემეცნება ვიზუალურად, ვერბალურად, წერილობით, სხეულის მოძრაობით, ტაქტილური გზით სასწავლო პროცესს ყველა მოსწავლისათვის ხელმისაწვდომს ხდის;
- ცოდნის წარმოჩენის მრავალფეროვნება — ცოდნის წარმოჩენა ვიზუალური ფორმით (მაგ.დახატვა, გამოძერწვა), ნაწერით, სხეულის მოძრაობით, ზეპირმეტყველებით და ა.შ, აძლევს ყველა მოსწავლეს შესაძლებლობას, წარმოაჩინოს ცოდნა მისთვის ხელსაყრელი ფორმით;
- მოსწავლეთა ჩართულობის ხელშეწყობა — ვალდორფის პედაგოგიკა ითვალისწინებს ბავშვის ასაკობრივ თავისებურებებს და უზრუნველყოფს, რომ თითოეულ მასწავლებელს, ამ მიმართულებით, სიღრმისეული ცოდნა ჰქონდეს. საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვისას ასაკობრივი ინტერესების, შესაძლებლობების მაქსიმალური გათვალისწინება ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას. ამასთან, თითოეული ბავშვის შესახებ სიღრმისეული ინფორმაციის ფლობა, მეთოდთა მრავალფეროვნება, სასწავლო პროცესებთან შემოქმედებითი მიდგომა და მათი ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან სიახლოვე, ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენების შესაძლებლობა აძლიერებს მოსწავლეთა ინტერესს, მათ ჩართულობას;
- მეთოდების მრავალფეროვნება — ეპოქალური სწავლება, რომელიც ითვალისწინებს საკითხების მრავალმხრივი კუთხით სიღრმისეულ გაცნობასა და მათზე სხვადასხვა მეთოდით მუშაობას: კეთებით, აღმოჩენით, რითმისა და მუსიკის გამოყენებით, გამოცდილებით, თამაშით, პროექტული სწავლება; კოოპერატიული3, თვითსწავლადი ჯგუფების4, პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული მეთოდი და ა.შ. აძლევს შესაძლებლობას მოსწავლეებს სხვადასხვა სწავლის სტილით, ტემპით, შესაძლებლობებით, ინტერესებით ჩაერთონ საგაკვეთილო პროცესებში, შეიძინონ სიღრმისეული ცოდნა და განივითარონ უნარები.
მეთოდთა მრავალფეროვნება ყველა საგნის სწავლების განუყოფელი ნაწილია;
- ჰოლისტური მიდგომა — მოტორულ, ემოციურ, სოციალურ, კოგნიტურ განვითარებაზე თანაბარი აქცენტი. ამ მიდგომიდან გამომდინარე, საგაკვეთილო პროცესი არის მრავალმხრივი აქტივობით გამდიდრებული; მოსწავლეებს აქვთ მრავალფეროვანი საგნები: ხელგარჯილობა ხელოსნობა, მებაღეობა, ძერწვა, ხეზე მუშაობა და ა.შ. ეს კი შესაძლებელს ხდის, რომ თითოეულმა მოსწავლემ, განსხვავებულობის მიუხედავად, გამოავლინოს, აღმოაჩინოს და განავითაროს თავისი უნარები, მიაღწიოს დამოუკიდებელი ცხოვრების მაქსიმალურ ხარისხს. ამგვარი მიდგომა ასევე ხელს უწყობს მოსწავლეს, დაძლიოს ის სირთულეები, რომლებიც შესაძლებელია სასწავლო პროცესებში თანამონაწილეობისას აკადემიურ წინსვლაში უქმნიდეს ბარიერს (სოციალური უნარების დეფიციტი, სხვისი და საკუთარი ემოციების ამოცნობისა და მართვის, იმპულსის კონტროლის სირთულე, დაბალი თვითშეფასება და სხვა.);
- მოძრავი საკლასო ოთახი — მობილური, მრავალფეროვანი გარემო, რომელიც ხელს უწყობს საგაკვეთილო პროცესში თითოეული მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინებას და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ( იხ. ვრცლად დანართი – მოძრავი საკლასო ოთახი);
- დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მზაობის ხელშეწყობა — სკოლა მოსწავლეს სთვაზობს დამატებით საგნებს (ხელოსნობა, ხელგარჯილობა, მებაღეობა, კულინარია და ა.შ.). მოსწავლეები ძირითად საგნებში შეძენილ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობებში იყენებენ და იმყარებენ, ივითარებენ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარებს, იძენენ პრაქტიკულ, ყოველდღიურობაში გამოყენებად ცოდნას. მოსწავლეს სკოლაში (სკოლაში არსებობს შესაფერისი აღჭურვილობა და მასწავლებლებს აქვთ შესაბამისი კომპეტენცია) აქვს შესაძლებლობა, დაეუფლოს რაიმე ხელობას, რომელიც მომავალში შეიძლება მის პროფესიად იქცეს;
- კლასის მასწავლებელი — პირველი ექვსი წლის განმავლობაში კლასს ასწავლის ძირითად საგნებს. აქედან გამომდინარე, აქვს მოსწავლეების შესახებ მრავალმხრივი ინფორმაცია; ის აკვირდება მოსწავლის ინდივიდუალურ სირთულეებს, პროგრესს, აქვს კომუნიკაცია მშობლებთან, იცნობს მოსწავლის ოჯახურ პირობებს, თვალყურს ადევნებს მის განვითარებას, ფლობს ინფორმაციას ბავშვის შესახებ დაბადებიდან სკოლამდელ ასაკამდე. ეს ყველაფერი კი ეხმარება მასწავლებელს გაითვალისწინოს თითოეული მოსწავლის გამოცდილება და არსებული სირთულეები, ინტერესები და უნარები, შეუქმნას მას განვითარებისათვის შესაფერისი პირობები; გაკვეთილის დაგეგმვისას შეარჩიოს ისეთი საგაკვეთილო შინაარსი, მეთოდები, აქტივობები, რომლებიც ყველა მოსწავლისათვის სახალისო, აზრიანი, შესაფერისი და განმავითარებელი იქნება; თავიდან აიცილოს რაიმე მიზეზის გამო მოსწავლის (სოციალური, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა კუთვნილების გამო) საგაკვეთილო პროცესებიდან გარიყვა;
- კლასის დამხმარე მასწავლებელი — ესწრება ყველა გაკვეთილს, წარმოადგენს დამატებით ძალას თითოეული მოსწავლის ხელშეწყობისათვის. მისი დახმარებით იქმნება სრული სურათი მოსწავლის შესახებ. ის ეხმარება მოსწავლეებს ინდივიდუალურად, მონაწილეობას იღებს აქტივობების შერჩევაში, რესურსების მომზადებაში, ხელს უწყობს ჩართულობის გაზრდას, აკვირდება, თუ რამდენად მართებულია ესა თუ ის სტრატეგია თუ მეთოდი კონკრეტული მოსწავლისათვის და ა.შ. დამხმარე მასწავლებელი დაეხმარება ყველა მოსწავლეს და არა მხოლოდ სსსმ მოსწავლეს, რაც თავიდან აგვაცილებს მათ სტიგმატიზაციას, კლასის ერთობიდან გამიჯვნას;
- მეგობარი კლასები — ვალდორფის სკოლებში ყველა კლასს ჰყავს მეგობარი კლასი (მეექვსე კლასში გადასვლისას მოსწავლეები უმეგობრდებიან მიმდინარე წელს მიღებულ პირველ კლასელებს). მეგობარი კლასი გულისხმობს პასუხისმგებლობას უმცროსი მოსწავლეების მიმართ, მათზე ზრუნვას, დახმარებას. უფროსი მოსწავლეები თვალყურს ადევნებენ შესვენებებზე და საჭიროების შემთხვევაში, ეხმარებიან კლასის მასწავლებელს. ეს, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანი ხელშემწყობი რესურსი არის, მეორე მხრივ კი, მოსწავლეებს უვითარდებათ სოციალური პასუხისმგებლობა; სწავლობენ თანაგრძნობას, სხვაზე ზრუნვას, სხვისი საჭიროებების ამოცნობას, დახმარებას, დახმარების მიღებას, ძლიერდება მათი თვითშეფასება, სოციალური უნარები, სკოლაში ყალიბდება ზრუნვაზე, ნდობაზე დაფუძვნებული ურთიერთობები.
ზემოთ ჩამოთვლილი მიდგომები შესაძლებელს ხდის, რომ სსსმ მოსწავლე მაქსიმალურად სრულად ჩაერთოს სასკოლო პროცესებში. საჭიროების შემთხვევაში სკოლა უზრუნველყოფს დროის, გრაფიკის, სასწავლო გარემოს მაქსიმალურ მოქნილობას, მოსწავლეთათვის დამატებითი რესურსების მოძიებას, ნაწილობრივ ინკლუზიას, სპეციალისტისა და მასწავლებლის მოსწავლესთან დამატებით, ინდივიდუალურ შეხვედრებს.
ინკლუზიური განათლების ეფექტიანად განხორციელებისათვის სკოლაში იარსებებს მულტიდისციპლინური გუნდი: ინკლუზიური განათლების კოორდინატორი (ფსიქოლოგი), აგრეთვე ექიმი, მასწავლებლები, სპეციალური მასწავლებლები, რომლებიც , წარმართავენ იმ პროცესებს, რომლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით არის განსაზღვრული:
- სწავლასთან დაკავშირებული სირთულეების დროული იდენტიფიკაცია, მათი პირველადი მართვა; საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასების მიზნით სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინურ გუნდთან გადამისამართება; მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინება, ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაცია.
- სსსმ მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფის შექმნა; მათი შეხვედრების უზრუნველყოფა (სემესტრში მინიმუმ 4-ჯერ); სხდომის ოქმების წარმოება. ისგ-ში ყველა იმ ინფორმაციის ასახვა, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმით არის განსაზღვრული; მოსწავლის საგანმანათლებლო პროცესის დოკუმენტირება და პირადი საქმის წარმოება.
- ისგ ჯგუფის წევრების ურთიერთანამშრომლობით — ინკლუზიური განათლების კოორდინატორი (სკოლის ფსიქოლოგი), მასწავლებლები, დამრიგებელი (ისგ-ს კოორდინატორი), მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი — თითოეული მოსწავლის საჭიროებების სიღრმისეულად გაცნობა, მისთვის ინდივიდუალური გეგმის შედგენა, ბავშვის თავისებურებების, საჭიროებების, უნარების, ინტერესების გათვალისწინებით ადეკვატური, პრიორიტეტული მიზნების შემუშავება და ეფექტიანი სტრატეგიებისა და აქტივობების შერჩევა.
- დასახული მიზნების მიღწევისათვის ყველა საჭირო რესურსის განსაზღვრა და ამ კუთხით მოსწავლის მაქსიმალური უზრუნველყოფა;
- ისგ-ს მონიტორინგი — სხვადასხვა სპეციალისტის გაკვეთილებზე დასწრება, მშობლებთან ხშირი კომუნიკაცია, დამხმარე მასწავლებლის მიერ მოსწავლეზე დაკვირვება; ისგ ჯგუფის შეხვედრებზე სტრატეგიებსა და რესურსებზე, გამოწვევებზე მსჯელობა, შედეგების გაცნობა და საჭიროების შემთხვევაში, ისგ-ში ცვლილებების შეტანა.
- მოსწავლის აკადემიური მიღწევების შეფასება იმავე წესით, როგორც ეს სხვა მოსწავლეებთან ხორციელდება; ინდივიდუალური გეგმის შემთხვევაში, განსაზღვრული მიზნების მიღწევის დონის შეფასება; მოსწავლის შეფასებასთან, გამოცდებთან დაკავშირებით ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემული ყველა მითითების გათვალისწინება.
- სასკოლო გარემოს იმგვარად მოწყობა, რომ ის არ წარმოადგენდეს რომელიმე მოსწავლისათვის ბარიერს (პანდუსი, ადაპტირებული საპირფარეშო და ა.შ.).
სკოლა ყოველწლიურად 24 ბავშვიან კლასში მიიღებს მაქსიმუმ 2 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს. სსსმ მოსწავლეთა მიღების პროცესში მონაწილეობს მულტიდისციპლინური გუნდი.;
სკოლის მხრიდან ყველა აუცილებელი და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების წინაპირობა და აუცილებელი თანმდევი ელემნტია – მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანამშრომლობა და მის მიერ მულტიდისციპლინური ჯგუფის რეკომენდაციების ჯეროვანი შესრულება.
3კოოპერატიული სწავლება-გულისხმობს ჯგუფურ მუშაობას, მოსწავლეებს აქვთ ერთი მიზანი და გადანაწილებული სხვადასხვა მოვალეობები.
4თვითსწავლადი ჯგუფები– დაფუძვნებულია კოოპერატიულ მეთოდზე, აქცენტი კეთდება მოსწავლეთა მაქსიმალურ აქტიურებურობასა და დამოუკიდებლობაზე, მოსწავლეები თავად ინაწილებენ როლებს, მოვალეობებს. მასწავლებელი წარმართავს პროცესებს და უზრუნველყოფს მოსწავლეებს საჭირო ცოდნით.