ფსიქო-ემოციური (მშვინვიერი) უნარების განვითარება

თეა როგავა

14.01.2022

ემპათიის უნარის გაღვივება 21-ე საუკუნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად შეიძლება განვიხილოთ. ყველა დიდი მიღწევა, რომელმაც კაცობრიობის პროგრესი განაპირობა,  დაკავშირებულია როგორც აზროვნების, ასევე ნებისა და ფსიქო-ემოციურ (შემდეგში მშვინვიერ) განვითარებასთან. ადამიანი მშვინვიერად უკავშირდება, აცნობიერებს და  საჭიროების შემთხვევაში ნებელობითი ქმედებებით ცვლის გარემომცველ სამყაროს.

ნებისმიერი საკითხის აღქმა, წარმოდგენა და მასზე გარკვეული აზრის ჩამოყალიბება გაცნობიერების პროცესია, რომელიც გულისხმობს ამ პროცესთან შინაგან კავშირს. მშვინვიერი (ფსიქო-ემოციური) კავშირი გარემომცველ სამყაროსთან და საკუთარ თავთან ადამიანის შინაგანი მდგომარეობაა. ის სუბიექტური ხასიათისაა და არ არის აზრობრივად დიფერენცირებული, თუმცა საჭიროებს წახალისებას სიცოცხლის პირველივე დღიდან.  სამყაროსადმი ნდობით განმსჭვალული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, აღზრდისას გაუცხოების, შიშისა და შფოთვის განწყობის არიდება ბავშვისთვის არსებითად მნიშვნელოვანია.

პირველ შვიდწლეულში სამყაროს მთლიანობაში პოზიტიურად აღქმა დამოკიდებულია დიფერენცირებულად მიღებულ შთაბეჭდილებებზე, რომელიც განცდილია ბავშვის მიერ უშუალოდ. ეს ის გრძნობებია, რომლებიც დადებით ან უარყოფით მშვინვიერ (ფსიქო-ემოციურ)  განწყობად ყალიბდება და საბოლოოდ განაპირობებს ადამიანის მშვინვიერ მდგომარეობას და განვითარებას. განვითარების ამ ეტაპზე, მაშინ, როდესაც ფიზიკური სხეულის მოხელთება ხდება, შეგრძნებების (გემო, ყნოსვა, სმენა და ა.შ.) განვითარებაზე ზრუნვა ჯანსაღ,  მრავალფეროვან გრძნობათა ჩამოყალიბების წინაპირობაა. განსაკუთრებული ყურადღება  ეთმობა გრძნობის ორგანოების განვითარებას. ბავშვმა უშუალო კავშირი უნდა დაამყაროს ბუნებრივ მასალასთან, ხშირად მოისმინოს ცოცხალი მუსიკა, მიირთვას ბუნებრივი გემოვნებითი თვისებების მქონე საკვები და ა.შ. მხოლოდ ასეთი ფორმით განვითარებული შეგრძნებები მისცემს მას საშუალებას, მოგვიანებით დიფერენცირებულად შეიმეცნოს მრავალფეროვანი, გარემომცველი სამყარო. გარდა სხეულებრივი შეგრძნებებისა, ბავშვს გარემოცვა მხოლოდ დადებითი გრძნობებსა და ემოციებს უნდა სთავაზობდეს: სიყვარულს,  მზრუნველობას, დაცულობის განცდას და ა.შ.

პირველ შვიდწლეულში კარგად დამუშავებული და განვითარებული შეგრძნებები გრძნობის ორგანოდ ყალიბდება და შესაძლებლობას მისცემს მოზარდს, მეორე შვიდწლეულში გაუცხოებულ მრავალფეროვან სამყაროს ცოცხლად დაუკავშირდეს. გრძნობები მოზარდთან უნდა წარმოიშვას სინამდვილესთან ურთიერთობით, უშუალოდ ქმედების პროცესში. 

აღფრთოვანება, აღტაცება, რომელიც აქტუალური იქნება საგაკვეთილო აქტივობების  მიმდინარეობისას, დატოვებს მოზარდში ჯანსაღ გრძნობებსა და ემოციებს. მოქმედების პროცესში წარმოქმნილი დადებითი გრძნობა წინაპირობაა შემეცნებისთვის, ძლიერი ნებისყოფისთვისა და ნდობისთვის. აღფრთოვანება ღიაობის განცდად ჩამოყალიბდება და უკიდეგანო სამყაროს ცალკეული ელემენტის შემეცნების სიხარულს მოჰგვრის, ეტაპობრივად გაათავისუფლებს შეგრძნებებსა და გრძნობებს ეგოისტური, სუბიექტური ხასიათისგან, სურვილებზე მიბმული შეგრძნება-გრძნობებისგან და ის ინტერესით დაუკავშირდება მისგან გამოცალკევებულ პროცესებს. შესწავლილი მასალის დამოუკიდებელი კვლევა, მიღებული ცოდნის გაღრმავება, კითხვების დასმა, შემოქმედებითი მუშაობა, ხელოვნება ძირითად საყრდენს წარმოადგენს შეგრძნებების, გრძნობებისა და ემოციების ურთიერთმკვეთი 

განვითარებისთვის და თავიდან აგვაცილებს გულგრილობას ან ინდიფერენტულ დამოკიდებულებებს.

ის, რაც ერთხელ შეიგრძნო ადამიანმა, შინაგან ორგანულ შეგრძნებად გარდაიქმნება და ხდის მას მშვინვიერად მიმღებ არსებად. ეს მომავალში უზრუნველყოფს იმას, რომ ცნობიერება,  თვალსაწიერი, აღქმა დაშტამპული და სტერეოტიპებით გაჯერებული კი არ არის, არამედ პოტენციურად მრავალფეროვანი და მრავალწახნაგოვანია. 

თანამედროვე მულტიმედიური ტექნოლოგიების/ინფორმაციის ჭარბი გამოყენება აღზრდის პროცესში აღარიბებს ბავშვის შეგრძნებებსა და გრძნობებს, უარყოფითად მოქმედებს ფანტაზიის განვითარებაზე, ართმევს მოზარდს დამოუკიდებლად აზროვნების, წარმოსახვის განვითარების საშუალებას. 

აზროვნებისა და წარმოსახვის მზა მოდელებით, რომლებსაც მულტიმედიური საშუალებები იყენებენ, ფერხდება პიროვნული განვითარება. ადამიანი ეჩვევა შემოთავაზებულ მოდელებს და  გრძნობა უჩლუნგდება. 

ციფრული, მულტიმედიური პროდუქტი ვერ იქნება ისეთი მრავალფეროვანი, როგორც გარემომცველი რეალური სამყარო – ადამიანები, ცხოველები, მცენარეები, რომლებიც მწირი, მზა სააზროვნო მოდელების ნაცვლად ცოცხალ, ფასდაუდებელ კავშირებს წარმოქმნიან მოზარდის ცნობიერებაში.

პირველ შვიდწლეულში სხეულებრივად განცდილი შეგრძნებები მეორე შვიდწლეულში სუბიექტურობისგან გამოთავისუფლებულ განცდად უნდა ჩამოყალიბდეს. 

ეს ყველაფერი მესამე შვიდწლეულის ამოცანის – თანაგანცდის უნარის – განვითარებას  უზრუნველყოფს. ემპათია თავისუფალია პიროვნული სიმპათია-ანტიპათიისგან და ადამიანი ამას ცნობიერად ახერხებს მხოლოდ პუბერტატის შემდეგ. ეს შესაძლებელი ხდება მაშინ,

როდესაც გრძნობა და აზროვნება ერთმანეთს უკავშირდება, რადგან აზროვნება თვითონ არის თავისუფალი სიმპათია-ანტიპათიისგან.

თავისუფალი, კრიტიკულად და ანალიტიკურად მოაზროვნე, ჰუმანისტური ღირებულებების მქონე ადამიანის აღზრდა 21-ე საუკუნის ძირითად გამოწვევად შეიძლება ჩაითვალოს.

ადამიანის ამგვარ პიროვნებად ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვობისა და მოზარდობის წლები. სწავლა-სწავლების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ მრავალმხრივ განვითარებას – აზროვნების, გრძნობისა და ნებელობის უნარების  თანასწორ გაძლიერებას, თავისუფლებაში კი მოიაზრება ზრდასრულობის ასაკში  სტერეოტიპებისაგან თავისუფალი, ქმედითი, თანაგანცდის მქონე მოქალაქის აღზრდა. 

თავისუფალი, კრიტიკული აზროვნების განვითარებას ყველა სასკოლო საგანმა უნდა შეუწყოს ხელი. ამ პროცესში მნიშვნელოვანია საგანთა ინტეგრეცია. მაგალითად, გადაწყვეტილებების მიღებისას აბსტრაქტული მსჯელობა საკმარისი ვერ იქნება, თანამედროვე ადამიანს უნდა შეეძლოს ინფორმაციის მზარდ ნაკადში სწრაფი ორიენტაცია/ნავიგაცია და საჭირო ცნობების თავმოყრა, ის უნდა იყოს კარგი დამკვირვებელი, ამაში მას საბუნებისმეტყველო საგნები დაეხმარება. დაკისრებული დავალების შესასრულებლად შესაძლოა მას დასჭირდეს პირადი გამოცდილება ან, სულ მცირე, კარგი წარმოსახვის უნარი. სხვისი აზრის გასათვალისწინებლად ემპათიის უნარია საჭირო, რომელსაც ჯანსაღი თავდაჯერებულობის განცდაც უნდა ახლდეს თან. ცოდნის გამოყენების უნარი კი ყველა დანარჩენ უნართან ერთად ცხოვრებისეული ქმედითობის საწინდარია.

ქმედითი, მოაზროვნე ადამიანის აღზრდას მრავალფეროვანი, წარმატებული თუ წარუმეტებელი გამოცდილება უდევს საფუძვლად, რომელიც მას აყალიბებს ზოგადსაკაცობრიო  ღირებულებებისა და ფასეულობების მქონე პიროვნებად. 

მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა აღზრდა-განათლების პროცესში დასახული მიზნების მისაღწევად უმნიშვნელოვანესია. ამასთან, უცილობლად გასათვალისწინებელია ბავშვის ინდივიდუალური, განსხვავებული შესაძლებლობები, პიროვნული მახასიათებლები,  ტემპერამენტი და სხვა ფაქტორები. საჭიროა გაკვეთილის შემოქმედებითად დაგეგმვა და ჩატარება, თითოეული მოსწავლის შესაძლებლობის შესატყვისი აქტივობების განხორციელება,  რათა ყველას მიეცეს საშუალება, განვითარდეს. ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინება,  ბავშვის ძლიერი მხარეების მხარდაჭერა, საგნის თავისებურებები, სწორად შერჩეული მეთოდოლოგია – ადამიანის ჰარმონიული განვითარების საწინდარია.

ადამიანი აქტიური, შემეცნებასა და განვითარებას მოწყურებული არსებაა, ამიტომაც ვალდორფის პედაგოგიკის ძირითადი ამოცანაა, ცოდნის მიღებისა და განათლების პროცესი დაკვირვებისა და გამოცდილების გზით, ქმედითი ნაბიჯების გადადგმით, დასახული მიზნებისაკენ სწრაფვით განახორციელოს. ამისთვის ბავშვს უნდა გამოუმუშავდეს საკუთარი თავისა და სამყაროსადმი ნდობა.