მოძრავი საკლასო ოთახი

ანანო ხუსკივაძე

18.01.2022

თანამედროვე რეალობაში ბავშვები უფრო და უფრო ნაკლებს მოძრაობენ და შესაბამისად,  ნაკლები შესაძლებლობა აქვთ განივითარონ ის უნარები, რომლებიც მოძრაობასთან არის დაკავშირებული. სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევების თანახმად, იზრდება მოსწავლეთა რიცხვი, რომელთა მოტორული განვითარება ასაკობრივ ნორმას არ შეესაბამება. განვითარებულ ქვეყნებში ჩატარებული კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით,  მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობა ოპტიმალურზე უფრო დაბალია. კვლევები მიანიშნებს მოზარდებსა და ბავშვებში დეპრესიის, შფოთვის მაღალ მაჩვენებელზე და აგრეთვე ამ მაჩვენებლის ზრდაზე. რეგულარული ფიზიკური აქტივობა კი, არაერთი კვლევის თანახმად,  ხელს უწყობს ფსიქიკურ ჯანმრთელობას და აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციონირებას. 

მოძრავი საკლასო ოთახის მოდელი წარმოადგენს ვალდორფის პედაგოგიკის პასუხს თანამედროვე გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც სკოლამდელი და სკოლის ასაკის მოსწავლეები დგანან, როგორებიცაა: მოძრაობის, სენსორული სტიმულაციის დეფიციტი, ეკრანთან მიჯაჭვულობა, ბუნებასთან სიახლოვის ნაკლებობა და ა.შ. ყოველივე ეს მნიშვნელოვან ნეგატიურ კვალს ტოვებს ბავშვის ფიზიკურ, კოგნიტურ, ემოციურ, სოციალურ განვითარებაზე. 

მოძრავი საკლასო ოთახი გულისხმობს: მოძრავ საკლასო ინვენტარს და სივრცეს, იმისათვის, რომ მოსწავლეებმა შეძლონ ბევრი მოძრაობა; მობილურ გარემოს გაკვეთილის მრავალფეროვანი მიმდინარეობისათვის; ასევე მდიდარ რესურსებს, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა გზით შეიმეცნონ, აითვისონ მასალა და განივითარონ მრავალმხრივი უნარები. 

მოდელი გათვლილია პირველ სამ წელზე და ბავშვებს ისეთ აქტივობებს, სივრცესა და საგაკვეთილო გარემოს სთავაზობს, სადაც ისინი შეძლებენ თამაშითა და მოძრაობის თანხლებით ისწავლონ. მოდელის დახმარებით, ბავშვები უმტკივნეულოდ გადადიან ბაღიდან სკოლის გარემოში, თამაშიდან — სწავლაზე. საგაკვეთილო პროცესი თამაშს ჰგავს, რომელშიც ბავშვი სასკოლო ცხოვრებასა და მოთხოვნებსაც ეჩვევა. მობილური გარემო შესაძლებლობას გვაძლევს დავგეგმოთ თითოეულ მოსწავლეზე ორიენტირებული, მორგებული საგაკვეთილო პროცესი (პარალელურ რეჟიმში მომუშავე წყვილები, ჯგუფები, თვითსწავლადი ჯგუფები, კუთხეები სხვადასხვა აქტივობისათვის და ა.შ).

თავისუფალი თამაშის დროს, რომელიც საგაკვეთილო პროცესს უძღვის წინ, ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა, გამოიგონონ, შეიმუშავონ გეგმა და განახორციელონ ჩანაფიქრი, ასევე სწავლობენ მოვალეობების განაწილებასა და მათს შესრულებას, მოლაპარაკებას, ჯგუფურ მუშაობას, დროის განაწილებას, საკუთარი ქცევის მართვას, წესების დამორჩილებას,  კონფლიქტური სიტუაციებისათვის თავის გართმევას. ისინი ითვისებენ სოციალურ ნორმებს,  ძლიერდება წარმოსახვის უნარი. თავისუფალი თამაში ხელს უწყობს მიკუთვნებულობის განცდისა და მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ბავშვები სწავლობენ თანამშრომლობას, ზრუნვას, სხვა ადამიანის გათვალისწინებასა და მათს დახმარებას.

მერხები ზოგჯერ, ფრონტალური გაკვეთილის შესაბამისად, დაფასთან ჰორიზონტალურად არის განლაგებული, ხშირად კი წრეს ქმნის. წრიული განლაგება საშუალებას იძლევა, ყველა მოსწავლე მასწავლებლის ყურადღების არეალში იყოს, მოსწავლეები აღიქვამდნენ ყველა თანაკლასელს.  მერხები ხშირად ქმნის ,,კუნძულებს’’, სადაც მოსწავლეები ჯგუფურად, წყვილში,  ინდივიდუალურად მუშაობენ, ზოგჯერ კი ამოტრიალებულია, ერთმანეთზე დალაგებული, რაც მოსწავლეებს მასზე ცოცვის, ბალანსირებისა და სხვა მოტორული აქტივობის შესრულების შესაძლებლობას აძლევს. მოსწავლეები სკამების მაგივრად ბალიშებზე სხედან, შეუძლიათ ხშირად ცვალონ ჯდომის პოზა, რაც ზურგის კუნთებს აძლიერებს. მესამე კლასში მერხებს დასაკეცი მაგიდები ცვლის, ხოლო ბალიშებს — სკამები, თუმცა მოძრაობით გამდიდრებული საგაკვეთილო პროცესი და მაქსიმალურად მობილური გარემო შემდგომ კლასებშიც ნარჩუნდება.

საგაკვეთილო პროცესი გამდიდრებულია ისეთი თამაშებით, აქტივობებით, რომლებიც ხელს უწყობს მეხსიერების, იმპულსის კონტროლის, ყურადღების კონცენტრაციის, ნატიფი მოტორული, სხეულის ორივე ნაწილის კოორდინირებული მოძრაობის, კომუნიკაციის,  წარმოსახვის უნარის განვითარებას, ენის გამდიდრებას, მეტყველების, აზროვნების სტიმულირებას და ა.შ. ხშირად გამოიყენება თამაშით, მულტისენსორული, კეთებით,  აღმოჩენით, მუსიკითა და რიტმით სწავლების მეთოდები.

მოძრაობით გამდიდრებული გაკვეთილი გავლენას ახდენს მსხვილი და ნატიფი მოტორიკის განვითარებაზე, სხეულის აღქმის, სივრცეში ორიენტირების, ბალანსის დაცვის, კოორდინაციის უნარის, სხეულის ძალის გაძლიერებაზე. ბავშვები ხდებიან უფრო დამოუკიდებელნი,  თვითდაჯერებულნი. მოძრაობა და თამაში გავლენას ახდენს შემეცნების პროცესის პროდუქტიულობაზე და აძლიერებს იმ უნარებს, რომლებიც წერის, კითხვისა და არითმეტიკის ასათვისებლად სჭირდებათ ბავშვებს ( მაგ. თვალისა და ხელის კოორდინაცია, სივრცეში ორიენტაცია და სხვა). თამაშით, მოძრაობით გამდიდრებული სასწავლო პროცესები ხელს უწყობს მოტივაციის გაზრდას, სწავლის მიმართ ხალისის გაჩენასა და პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

კვლევების თანახმად, მოტორული აქტივობებით გამდიდრებული გაკვეთილი დადებითად აისახება ბავშვის თვითრწმენაზე, დამოუკიდებლობის ხარისხზე, საგაკვეთილო პროცესში ჩართულობაზე, მიზანდასახულობაზე, მეტყველებაზე, წერისა და კითხვის, მათემატიკის უნარის განვითარებაზე, კომუნიკაციაზე, ქცევაზე, მოტივაციასა და აკადემიურ მიღწევაზე, გუნება-განწყობაზე, აღმასრულებელ ფუნქციებზე და ა.შ. სენსო-მოტორული აქტივობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწავლის სირთულეების მქონე მოსწავლეთათვის. კვლევები ცხადყოფს სხვადასხვა დიაგნოზის მქონე ბავშვებთან მოტორული აქტივობის დადებით კავშირს,  როგორც კოგნიტურ, ასევე სოციალურ უნარებთან.

მოძრავ საკლასო ოთახში შესაძლებელია მრავალმხრივი სენსორული გამოცდილების მიღება,  მრავალფეროვანი მოძრაობები სენსორული სისტემების გააქტიურებას უწყობს ხელს.  მულტისენსორული სტიმულაცია გავლენას ახდენს ბავშვის ტვინის განვითარებასა და ადეკვატური სენსორული გადამუშავების უნარის ჩამოყალიბებაზე. რაც უფრო მეტ სენსორულ გამოცდილებას იღებს ბავშვი, მით უფრო მეტი ნერვული კავშირები იქმნება მის თავის ტვინში,  რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია შემეცნებითი პროცესების ეფექტიანობასთან. აქტიურად გამოიყენება მულტისენსორული მეთოდიც, რომლის დახმარებითაც მოსწავლეები იღებენ მრავალფეროვან ინფრომაციას და უკეთ ითვისებენ სასწავლო მასალას.

აღსანიშნავია, რომ მოძრაობას, თამაშს ყოველთვის აქვს კონტექსტი, რომელიც გულისხმობს წესებს, შეზღუდვებს, ეს კი კლასში წესრიგს უზრუნველყოფს. მრავალფეროვანი რესურსები და მოძრაობა ყოველთვის მასწავლებლის მიერ არის მართული, წინასწარ დაგეგმილი, რაც თავიდან აგვაცილებს ქაოსსა და ყურადღების განმფანტავი, სწავლისათვის არახელსაყრელი გარემოს შექმნას.

სასწავლო დღის დასაწყისსა და დასასრულს გამოყოფილია დრო, როდესაც მოსწავლეები ყვებიან საკუთარი გამოცდილებების შესახებ, უზიარებენ ერთმანეთს თავგადასავლებსა და განცდებს,  აძლევენ რჩევებს, ურიგდებიან ერთმანეთს, გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს განვლილი დღის შესახებ. ეს მათ აძლევს ემოციების სახელდების, გამოხატვის, მოვლენების სხვისი პოზიციიდან შეხედვის, კონფლიქტურ სიტუაციებთან გამკლავების, თანაკლასელებთან პოზიტიური ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობას. ვითარდება სოციალური უნარ ჩვევები, ემოციების რეგულაციის, თანაგანცდის უნარი და ა.შ. დაწყებით საფეხურზე გაკვეთილები გამდიდრებულია სიმღერებით, რიტმებით, ხშირად იკითხება ზღაპრები. 

ზღაპრების შინაარსზე დაყრდნობით, მოსწავლეები თამაშობენ როლურ თამაშებს, რაც ასევე ემოციური სფეროსა და წარმოსახვის, კოგნიტური უნარების გაძლიერებაზე, სოციალურ,  მორალურ განვითარებაზე, ენის გამრავალფეროვნებაზე ახდენს გავლენას.

შესვენების დროს მაგიდები ერთად იყრის თავს და მოსწავლეები სადილობენ. საერთო ტრაპეზი აძლიერებს მიკუთვნებულობის განცდას, სოციალურ პასუხისმგებლობას, მოსწავლეები სწავლობენ ერთმანეთზე ზრუნვას, კლასში ოჯახური, პოზიტიური, უსაფრთხო ატმოსფერო ყალიბდება.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება კლასში პოზიტიური, სანდო და დაცული ატმოსფეროს შექმნას. ამ კუთხით, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს იმას, რომ მასწავლებელი დღის განმავლობაში მუდმივად კლასში იმყოფება, ის კარგად იცნობს მოსწავლეებს, მათს ინდივიდუალურ თავისებურებებს, სხვადასხვა საგანში სუსტ და ძლიერ მხარეებს, შემდგომ კი ითვალისწინებს მათ საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვისას, ცდილობს, თითოეულ მოსწავლეს შეუქმნას ინდივიდუალური განვითარებისათვის საჭირო გარემო. მასწავლებელი მოსწავლეებს იცნობს არა მხოლოდ აკადემიური, არამედ სოციალურ-ემოციური კუთხითაც და მათ განვითარებაზეც ზრუნავს. ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის, დაცულობის განცდის ჩამოყალიბებას. მოსწავლეების კარგად გაცნობა, საკლასო პროცესებზე თვალყურის დევნება შესაძლებელს ხდის, მასწავლებელმა კლასში ხელი შეუწყოს ჯანსაღ ურთიერთობებს, დროულად აღმოაჩინოს მოსწავლეების განვითარებისათვის ხელის შემშლელი ფაქტორები და შესაფერისი ღონისძიებები განახორციელოს.

ოძრავი საკლასო ოთახის მოდელი ინკლუზიური განათლების განხორციელებისათვის ხელშემწყობ გარემოს ქმნის. მოსწავლის როგორც აკადემიურ, ასევე სოციალურ-ემოციურ სფეროზე აქცენტი (ჰოლისტური მიდგომა), ინდივიდუალური თავისებურებების შესწავლა და დიფერენცირებული სწავლებისათვის ხელსაყრელი გარემო ყველა მოსწავლისათვის თანაბარ სასწავლო პირობებს ქმნის, ხელს უწყობს მათ სოციალურ ინტეგრაციას. ყველა მოსწავლეს ამ ტიპის საკლასო ოთახში, აქტივობების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, შეუძლია თავისი უნარების მიხედვით ჩაერთოს სასკოლო პროცესებში, რაც დადებითად იმოქმედებს მის თვითრწმენაზე, კლასთან მიკუთვნებულობის განცდაზე, ასევე ხელს შეუწყობს, ბავშვებმა თანაკლასელები, მათი უნარებისა და სირთულეების მიუხედავად, კლასის ნაწილად აღიქვან.  ერთ საგაკვეთილო კონტექსტში ყველა მოსწავლის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები (მრავალფეროვანი საგნების სწავლება კოოპერატიული სწავლების, თვითსწავლადი ჯგუფების მეთოდით, მრავალფეროვანი, დიფერენცირებული აქტივობების და ა.შ. გამოყენებით) ქმნის განსხვავებული შესაძლებლობების გამოვლენის წინაპირობას, რაც აძლიერებს თვითრწმენას და ხელს უწყობს განსხვავებულობის, როგორც ნორმალური მოვლენის აღქმას, მიღებასა და დაფასებას. 

მოძრავი საკლასო ოთახის მოდელის განხორციელებით ყველა მოსწავლეს ვაძლევთ ინდივიდუალური განვითარების შესაძლებლობას, ხელს ვუწყობთ კოგნიტურ, ემოციურ სოციალურ, მოტორულ განვითარებას, ფსიქიკურ ჯანმრთელობას, სწავლის პროდუქტიულობასა და სკოლის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.