სწავლა - სოციალური პროცესი

თეა როგავა

19.01.2022

ვალდორფის სკოლებში სოციალური უნარების განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ასაკობრივი თავისებურებების შესაბამისი დავალებები, გაგება, გააზრება იმისა, თუ რა უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობები აკისრია ადამიანს სხვებთან ერთად და მათ მხარდამხარ, იცვლება და ერგება მოსწავლეს სწავლა-სწავლების სხვადასხვა საფეხურზე. სხვაზე ზრუნვა, სოციუმში თანასწავლა, საზოგადოებაში არსებული წესების შესრულება, შინაგანი თავისუფლების პარალელურად, პასუხისმგებლობების გაცნობიერება, ვალდებულებების გათავისება სასწავლო პროცესში უნდა განხორციელდეს მორალის კითხვისა და შეგონების გარეშე. ამისთვის საჭიროა ნდობით აღსავსე გარემო და ნაკლებად სასურველია სოციუმის ხშირი ცვალებადობა.

დაწესებული ნორმები დაწყებით კლასებში ავტორიტეტის მხრიდან შემოქმედებითად და ხატოვნად უნდა იყოს მიწოდებული. ამ შემთხვევაში როლური თამაშები, მცირე სახალისო პასუხისმგებლობების დაკისრება მოსწავლეებს უღვიძებს ინტერესს და უყალიბებს სწორ მიმართებებს.

კოგნიტური უნარების განვითარების პარალელურად 11-12 წლის ასაკში საერთო წესების ერთობლივი შემუშავება მოგვიანებით მათზე პასუხისმგებლობის აღებასაც უზრუნველყოფს.  ყოველივე ეს ემსახურება საზოგადოებაში ურთიერთობების განვითარება-დარეგულირებას.  მაგალითად, ჯგუფური მუშაობისთვის აუცილებელია ისეთი წესების მიღება, რომელიც ყველა მოსწავლის თავისებურებას გაითვალისწინებს. თუ აღსაზრდელი აქტიური იქნება და თავად გაიაზრებს თითოეულ ნიუანსს, გაითვალისწინებს თითოეულ თანაკლასელს, მიღებული წესების განხორციელებაზე პასუხისმგებლობას დამოუკიდებლად აიღებს. ასე ის შეძლებს არა წესებისადმი ,,ბრმა“ მორჩილებას, არამედ თითოეული ადამიანის აღქმას უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით.

კლასში, სოციუმში არსებული ცოდნა, შესაძლებლობები, უნარები ყოველთვის აღემატება ერთი მოსწავლისას, ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლის ყველა საქმიანობაში თანაბარი პირობებით ჩართვა და ცალკეული მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობებს წინა პლანზე წამოწევა. ეს ქმნის თანამშრომლობით გარემოს, ზრდის ემპათიის უნარს. მოსწავლეები ითავისებენ, რომ ერთმანეთისგან სწავლა ერთმანეთის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს და ეს არსებითად მნიშვნელოვანია.

გაკვეთილის დროს შესრულებული მრავალხმიანი სიმღერები, ქოროში წაკითხული ლექსები,  კლასის ორკესტრი, სპექტაკლები თანაკლასელთა სუსტი და ძლიერი მხარეების გათვალისწინებას გულისხმობს და დადებითად აისახება მოსწავლეთა აკადემიურ მოღწევებზე.

საშუალო და მაღალ საფეხურზე მოსწავლე ოჯახის, საკლასო ოთახის, სკოლის მიღმა მთელ გარემომცველ საზოგადოებასთანაც ურთიერთობს. იქ არსებული წესების გაცნობა-გათავისება და სწორი მიმართებების ჩამოყალიბება პიროვნების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

ამის გათვალისწინებით, სასურველია, სასკოლო სივრცეში მას ჰქონდეს მიღებული გარკვეული გამოცდილება, რის გამოყენებასაც ის სკოლის გარეთ, თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში და საზოგადოებასთან ურთიერთმიმართებისას შეძლებს.

მაგალითად, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ იწერება ოფიციალური წერილი ორგანიზაციაში კონკრეტული მოთხოვნით. თეორიული ცოდნის გარდა, გაცილებით ეფექტიანი იქნება, თუ კონკრეტული კლასი საჭიროებიდან გამომდინარე წერილობით მიმართავს სკოლის ადმინისტრაციას, მმართველობით ორგანოს და შეეცდება რეალურად არსებული პრობლემის იდენტიფიცირებასა და გადაჭრის გზების ძიებას.

გარდა გაკვეთილზე გავარჯიშებული სოციალური უნარ-ჩვევებისა, არსებობს უნარები, რომლის განხორციელებისთვის მხოლოდ საგაკვეთილო პროცესი არ გამოდგება. ასევე, არიან სხვადასხვა შესაძლებლობის ბავშვები, რომელთაც სხვა გარემო სჭირდებათ საკუთარი პიროვნების წარმოსაჩენად. 

ექსკურსიები, სპექტაკლი, სხვადასხვა სოციალური აქტივობა – ეს ის ღონისძიებებია, სადაც სოციალური ურთიერთობები განსაკუთრებით ვითარდება. კარგია მიზნობრივი ლაშქრობები წინააღმდეგობების გადალახვით, სადაც ფიზიკურად ყოჩაღი მოსწავლეები (და არა მხოლოდ ისინი) დიდ საყრდენად შეიძლება იქცნენ როგორც თანაკლასელებისთვის, ასევე პედაგოგისთვის. აქ მოზარდს საშუალება ეძლევა სრულიად სხვა სახით გააცნოს საკუთარი თავი როგორც თანაკლასელებს, ასევე პედაგოგებს. მას უვითარდება სხვადასხვა სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციები, როგორიცაა კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, შემწყნარებლობა ტოლერანტობა, სხვისი უფლებების გათვალისწინება და პატივისცემა და სხვა.

ახალგაზრდები დედამიწასთან, მცენარეულ და ცხოველთა სამყაროსთან ახლებურ ურთიერთობას ამყარებენ მესამე შვიდწლეულში. ისინი გამოცდიან ნებას და ასრულებენ სამუშაოებს, რომლებიც წინდახედულებას, ენერგიას, სითამამესა და მხნეობას მოითხოვს მათგან. ამას თან ერთვის ჯანსაღი, ბუნებრივი მისწრაფება ბუნებაში გასვლისა, რომელიც ჩვენს ინდუსტრიულ ეპოქაში არასაკმარისად კმაყოფილდება. ბუნებაში გასვლით ახალგაზრდა იღრმავებს ბუნების შემეცნებას, ეცნობა მცენარეებსა და ცხოველებს, ერკვევა მათ სახეობრივ მრავალფეროვნებაში, მათ საჭიროებებში და იქმნის საკუთარ წარმოდგენას, ტყეზე, როგორც ეკოსისტემაზე, აცნობიერებს ადამიანის როლს. სხვადასხვა დაბრკოლების გადალახვა,  გამოწვევების წინაშე ძალების მოსინჯვა, სირთულეებთან შეჭიდება მოზარდისთვის ფასდაუდებელი გამოცდილებაა საკუთარი მომავლის განსასაზღვრად. ეს ზრდის თვითკომპეტენციას, რაც სოციალური უნარების განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ყველა ის უნარ-ჩვევა, გამჭოლი კომპეტენცია და ღირებულება, რაც ზემოთაა განხილული, არის არა პიროვნული მახასიათებელი, თანდაყოლილი მოცემულობა, არამედ დასწავლადი და გამომუშავებადი მოცემულობაა სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესის შემთხვევაში.