თოჯინის როლი ბავშვის ცხოვრებაში
თეონა გოგებაშვილი
22.04.23
ბავშვი და ეკრანი
თეონა გოგებაშვილი
03.04.2025
ბავშვი და ეკრანი ეპოქის უდიდესი გამოწვევაა . ინტერესი საკითხის მიმართ ყოველთვის დიდია, თემა კი საკმაოდ ვრცელი. ვეცდები მრავალფეროვან ჭრილში, თუმცა შეძლებისდაგვარად მოკლედ ვისაუბრო აღნიშნულ საკითხზე.
ვთანხმდებით, რომ ცხოვრების ტემპი ძალიან აჩქარებული/ გადატვირთულია და ამ პროცესებში ჩართულები არიან ბავშვებიც. ხშირად სმარტფონი ან ტელევიზორი მშობლისთვის დროის გამოთავისუფლების ალტერნატივაა. არსებობს მცდარი წარმოდგენაც, რომლის მიხედვითაც ბავშვი მცირე ასაკიდანვე უნდა მიეჩვიოს ეკრანს, ეზიაროს თანამედროვე ტექნიკის მიღწევებს, ისწავლოს თამაშები, სიმღერები, მარტივად აითვისოს უცხო ენები და ა.შ. ხშირია როდესაც ბავშვი უჭმელია და მშობელი ეკრანის დახმარებით აჭმევს. აგრეთვე არის ოჯახები, სადაც ტელევიზორი მუდმივად ჩართულია, თუნდაც არავინ უყურებდეს. ესენი გახლავთ ის მცირე ჩამონათვალი , თუ რა მიზეზით ხვდება ბავშვი ეკრანთან. ხშირად მშობელი მოხიბლულია იმით, რასაც ბავშვი ითვისებს ეკრანიდან – უცხო ენას(როცა ჯერ მშობლიური არ იცის), სმარტფონის ფლობის ტექნიკას(როგორ დარეკოს, შევიდეს სხვადასხვა ქსელში და ა.შ). თუმცა უნდა ვთქვა, რომ პირველი შვიდწლეულის ბავშვი არის აბსოლუტურად მიმღები და ამთვისებელი ამ ასაკისთვის შეუსაბამო ინფორმაციის. აქ ისმის კითხვა, სჭირდება კი ეს ყველაფერი მას?! შესაბამისად დგება პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის საკითხი.
პირველ შვიდწლეულში მყოფი ბავშვისთვის, რომელიც განვითარების იმ ეტაპზეა, ცოცხალი შთაბეჭდილებებით იკვებებოდეს და იღებდეს გამოცდილებებს რეალურ მასალასთან შეხებით, ხვდება ეკრანთან. ეს იმდენად მავნებელია მისი ემოციური და ფიზიკური განვითარებისთვის, რომ გრძელვადიანი ნეგატიური ზემოქმედება გააჩნია მთელ მის ცხოვრებაზე.
ეკრანი ახშობს ბავშვის ჯანსაღ ლტოლვას აქტიურობისა და მოძრაობისკენ, მის სურვილს თავიდან ბოლომდე, სხეულითა და სამშვინველით ჩაერთოს სამყაროში, შეიგრძნოს, შეიმეცნოს და თავი მის წევრად იგრძნოს.
ეკრანზე დამოკიდებულებამ, ბოლო პერიოდში უამრავი თავსატეხი გაუჩინა მშობლებს და დიდი სირთულეების წინაშე დააყენა ბავშვები:
- მეტყველების სხვადასხვა ფორმით შეფერხებები;
- მოტორული მოუქნელობა;
- გუნება-განწყობილების ხშირი ცვლა;
- გახშირებული ტანტრუმები;
- გართულებული თვითკონტროლი;
- ქცევის დეზორგანიზაცია;
- კონცენტრაციის და მეხსიერების სირთულეები;
- სოციალიზაციის სირთულე;
- დეპრესია ადრეულ ასაკში;
- ნაკლებმედეგობა სტრესული სიტუაციების მიმართ;
- ძილის პრობლემები.
რა ხდება ეკრანის ყურებისას?! პაწაწინა ფერადი წერტილები ეკრანზე ქმნის სივრცული სურათის ილუზიას, რა დროსაც ხედვის ისეთ ფორმასთან გვაქვს საქმე, რომელიც არ მოითხოვს თვალის კუნთების აქტიურ ქმედებას, განსხვავებით რეალური საგნების ყურებისგან, რომელიც თვალების მუდმივ მოძრაობას საჭიროებს. ეკრანის ყურებისას ბავშვი აბსოლუტურად უმოქმედო მდგომარეობაშია სხეულის ყველა კუნთით, რაც განვითარების მუდმივ ციკლში მყოფი ბავშვისთვის შემაფერხებელია. გარდა ამისა ინფორმაციის ნაკადი, რომელიც ეკრანიდან მოედინება, ბევრად აჭარბებს ბავშვის შესაძლებლობას – მიიღოს შემოთავაზებული და დამოუკიდებლად გადაამუშაოს. ის ნაწყვეტ-ნაწყვეტ იღებს ინფორმაციას – ხან ვიზუალურ მასალას, ხან ვერბალურს. არ შეუძლია აღქმულ სურათებსა და გაგებულ წინადადებებს შორის ურთიერთკავშირის დამყარება, იმდენად სწრაფად ცვლის ეს ორი ერთმანეთს, ცნობიერად ვერ მიყვება ამ ინფორმაციას, ვერ ააქვს ტვინამდე და ვერ გადაამუშავებს. შესაბამისად, ამ ჭარბი ინფორმაციის გადაუმუშავებელი ნაკადი მუდმივი ტვირთი ხდება ბავშვისთვის(მძაფრი შთაბეჭდილებები, სპეცეფექტები და ა.შ.), განსხვავებით ცოცხალი გარემოდან მიღებული მასალისგან, რომლის მოქმედი პირი თავად არის-დაკვირვებით, შემეცნებით, რეალურად განცდილი ფერის და ფორმის მეშვეობით.
ეკრანზე დამოკიდებულებისას ბავშვის ტვინი ეჩვევა მზა ინფორმაციის მიღებას და აღარ უვითარდება შემოქმედებითი ძალები, თვითმყოფადი იდეების წარმოქმნის უნარი და მუდმივად ხდება დამოკიდებული სხვის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, სხვის მიერ წამოწყებულ თამაშზე. საკომუნიკაციო არეალი და ინტერესი ძალიან მწირია, რაც თავისთავად მისი ქცევის ფორმირებაზე ახდენს გავლენას.
ნაცვლად იმისა, რომ თავად წარმოისახოს ფანტაზიით სხვადასხვა პერსონაჟები(გამოგონილი), გამოიგონოს თამაშები, იჭედება მზა ხატებში და აკეთებს მულტფილმის სხვადასხვა პერსონაჟების იმიტირებას, საუბრობს და იქცევა მათ მსგავსად. სინამდვილეში ბავშვი ამ ასაკში აბსოლუტურად ფანტაზიას უნდა იყოს მინდობილი, სწორედ ფანტაზიაა ის საშუალება, რომელიც შემდგომში მას მისცემს სხვადასხვა სიტუაციების და პრობლემების მრავალფეროვნად დანახვის და მოგვარების შესაძლებლობას, რადგან ფანტაზია გარდამქმნი ძალაა. ბავშვს, რომელსაც არ აქვს ფანტაზიის ძალები განვითარებული და არ შეუძლიათ რაიმე თამაშის წამოწყება, მუდმივად სჭირდება დამატებითი სტიმულატორი სხვადასხვა გადაცემის თუ მულტფილმის სახით, დამხმარე თამაშის დროს, ასე ვთქვათ „იდეების გენერატორი“- სახლში მშობელი, ბაღში მასწავლებელი, თანატოლი. იმის ნაცვლად რომ თავად შეძლოს თვითშექცევა 3 წლამდე , ხოლო შემდეგ როლურ თამაშებში ჩართვა, უფრო მოგვიანებით კი კოლაბორაციული აქტივობების წარმოება და პროცესის თავად დაგეგმვა. თამაშის პროცესში უახლოვდება სამყაროს და ადამიანებს, ეს შემეცნების ერთ-ერთი საფუძველია ამ ასაკში. ეკრანდამოკიდებულ ბავშვს კი ამ შესაძლებლობას ვართმევთ. ნების განვითარებაც შეფერხებულია, რადგან ეკრანის წინ უძრავად ზის და არ საქმიანობს აქტიურად და მიმბაძველად, რაც ქმედითობის საკვებია, ხოლო ქმედება თავისთავად ნების საკვებია. ამიტომაც ამ უმოძრაო ყოფას მოჰყვება ქაოსურობა, აგზნებადობა, შფოთი და სხვადასხვა სახის სირთულეები ემოციურ და სომატურ ჭრილში.
ეკრანის ამოღება არ არის მარტივი, გარკვეულ აგრესიულ ან მსუბუქად ნერვულ გამოვლინებებთან არის დაკავშირებული ბავშვის მხრიდან, რასაც დიდი ძალები ეწირება, როგორც ზრდასრულის, ასევე ბავშვისგან, თუმცა თუკი მშობელი თავისი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებულია და ზუსტად აქვს გაცნობიერებული ეკრანის მავნებლობა, მაშინ პრობლემის გადაჭრის გზები უფრო ხელშესახები ხდება. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ: ნელ-ნელა ეკრანის ამოღება არა არის ეფექტური, ეს უნდა მოხდეს ერთბაშად. ბავშვებმა იციან, რომ გარკვეული რაღაცები, არის მხოლოდ უფროსებისთვის და ამის მიღება, თუკი მშობლის მხრიდან სიმტკიცეს აქვს ადგილი, არ უჭირთ, რადგან ისინი ენდობიან მშობელს და მათთვის საყრდენი ღერძი სწორედ დედ-მამაა. ცხადია რთულია, რომ ოჯახში სადაც ზრდასრულებიც ცხოვრობენ არ იყოს ტელევიზორი, თუმცა არც ესაა შეუძლებელი – იქონიეთ პერსონალური საინფორმაციო და საკომუნიკაციო საშუალებები: კომპიუტერები, პლანშეტი ან მხოლოდ მობილურები, რომლებიც იქნება ბავშვისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას. შედეგს, ეკრანის ამოღების შემდეგ სირთულეების დაძლევის გზაზე, თქვენი აქტიური ჩართულობით, ყურადღებით, თანმიმდევრული ქმედებით და შესაბამისი გარემოს შექმნით აუცილებლად დაინახავთ. ეს პროცესიც, როგორც ყველა სხვა, ინდივიდუალურია დროის თვალსაზრისით, თუმცა სასიკეთო შედეგი აუცილებლად დგება .
ეკრანთან გატარებული დროის საპირწონედ, ბავშვი იმსახურებს შესთავაზოთ ჯანსაღი, უსაფრთხო და მის ასაკობრივ განვითარებაზე ორიენტირებული გარემო, სადაც:
ცოცხალი შთაბეჭდილებებით იცხოვრებს, იმოძრავებს, იქნება ფიზიკურად აქტიური, აძვრება ძელებზე, ხეებზე, გადალახოს წინაღობები, სიცოცხლის გრძნობის გამოღვიძებაში დაეხმარება. მიიღებს რეალურ შეგრძნებებს გარემოდან, დააკვირდება მწერებს, ცხოველებს, ფრინველების ხმებს. მოისმენს მშობლების მიერ მოყოლილ ზღაპრებს, ჩართული იქნება ყოველდღიურ საოჯახო საქმეებში(მაგიდის გაშლაში მონაწილეობის მიღება, ცხობა, დედის დახმარება სხვადასხვა საქმიანობაში, მამასთან კომუნიკაცია სხვადასხვა საოჯახო ჩხირკედელაობისას), მივცეთ საშუალება აღიქვას რეალური საგნები და მოვლენები, ჰქონდეს ცოცხალი კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან.
ითამაშებს თავისუფალ თამაშს, რაც შესაძლებლობას მისცემს დაამყაროს კომუნიკაცია თანატოლებთან ვერბალურად და არავერბალურად, გარდაქმნას გარემო სურვილის შესაბამისად, განივითაროს ფანტაზია, თვითმართვის უნარი და სხვა ბევრი;
დაკავდეს ხელსაქმით, რომელიც მისი მოტორული განვითარებისა და ნების მასტიმულირებელია;
შესაძლებლობა მივცეთ შეიგრძნოს სხვადასხვა ტიპის მასალა შეხებით, რაც მისი სენსორული სფეროს მრავალფეროვნებას და გარემომცველი სამყაროს შესახებ ცოდნის საფუძველს ქმნის.
მთლიანობაში ეს ყველაფერი ბავშვის მომავალი ცხოვრების ფუნდამენტია, რაზეც წლიდან წლამდე ხდება ახალ-ახალი უნარისა თუ ცოდნის დაშენება.
გვახსოვდეს, უფროსი არის ღერძი, რომელიც ორიენტირს აძლევს ბავშვს. ჩვენს ხელშია სამარჯვი – ჯანსაღი მიმართულებით წარვმართავთ ბავშვის განვითარებას თუ შევაფერხებთ ამ პროცესს.