ეპოქის რვეული
თეა როგავა
20.02.2022
ვალდორფის სკოლების კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანი არის ეპოქის რვეულის წარმოება, რომელიც გასდევს 12 წლიანი სწავლების პროცესს და მისი წარმოება ასაკის შესაბამისად იცვლება და საბოლოოდ უზრუნველყოფს მოსწავლის მიერ პორტფოლიოს წარმოების უნარ ჩვევების ჩამოყალიბებას.
ეპოქის რვეულის ტექსტის შინაარსი იცვლება სასწავლო საგნის, დასასწავლი მასალის და მისაღწევი შედეგების შესაბამისად.
დაწყებით საფეხურზე, პედაგოგი ამზადებს ეპოქის რვეულში ჩასაწერ მასალას და მოსწავლეებს დაფაზე ახვედრებს უკვე გამზადებულ ტექსტს, ნახატს, სადაც უკვე გათვალისწინებულია რვეულის გარეკანის, თავფურცლის, სათაურის და ძირითადი ტექსტის სტრუქტურა და ფორმა. პედაგოგი აქვე ტოვებს შემოქმედებითი იმპულსისთვის საჭირო თავისუფალ არეალს, სადაც მოსწავლე შეძლებს ინდივიდუალური ხაზის წარმოჩენას.
მოსწავლე პირველი კლასიდანვე პრაქტიკულად სწავლობს /ითვალისწინებს ტექსტის მაორგანიზებელი ელემენტების სწორ და მიზანმიმართულ გამოყენებას. ის შემოქმედებითად აფორმებს რვეულს, სადაც ყურადღება ეთმობა სათაურის გამოყოფას, ტექსტის შესაბამის ნახატებს, აბზაცს, სტროფის, წინადადების დასაწყისსა და დასასრულს, პუნქტუაციის წესების გათვალისწინებას და ა.შ.
დაწყებით საფეხურზე, მოსწავლე იმას, რასაც პედაგოგი შესთავაზებს, გადაიტანს ეპოქის რვეულში, მოგვიანებით, გრამატიკის და სხვა საგნების გაკვეთილებზე, მოხდება უკვე ბევრჯერ გამოცდილის გააზრება და გაცნობიერება. საბოლოოდ მოსწავლე სწავლობს სხვადასხვა ტიპის „ტექსტების მაორგანიზებელი ელემენტების, სტრუქტურული და კომპოზიციური ელემენტების გააზრებას“(ესგ).
მოსწავლე, 11-12 წლის ასაკიდან, საგნის შინაარსის შესატყვის ტექსტს, კლასში შემუშავებული გეგმის შესაბამისად, თვითონ შეადგენს. პედაგოგი ასწორებს ნამუშევარს და საბოლოოდ, შინაარსობრივად გამართული ტექსტი მოსწავლეს ეპოქის რვეულში გადააქვს, რომელიც ერთგვარ კონსპექტს, ინდივიდუალურად დამუშავებულ სახელმძღვანელოს წარმოადგენს მოსწავლისთვის. ამ დროს მოსწავლეს უწევს იფიქროს შემოქმედებითად, იფიქროს ენის სტრუქტურაზე, ენობრივი ერთეულების გამოყენებაზე, გაიაზროს საკუთარი აზრი/განცდა და გადმოიტანოს ტექსტში, ააგოს ტექსტი ლოგიკურად, ინფორმაციულად, სტილისტურად.
საბოლოოდ მოსწავლე სწავლობს თვითაგმოხატვის ფორმებს და იძენს თავდაჯერებულობას, რაც მის განვითარებას განსაკუთრებით წასწევს წინ.