ადამიანის განვითარების ფაზები, ასაკობრივი თავისებურებები და ინდივიდუალური მიდგომა ვალდორფის პედაგოგიკაში
თეა როგავა
14.01.22
ადამიანი მოაზროვნე, შემმეცნებელი, მუდმივი განვითარების მსურველი, შემოქმედი არსებაა. გარემომცველ სამყაროზე დაკვირვება, კვლევა, ანალიზი, გაგება-გააზრება, ცოდნის მიღება და კონსტრუირება უწყვეტი პროცესია და ამ გარემოში ჰარმონიული თანაარსებობის გარანტიც.
ადამიანს შესწევს უნარი შექმნას ახალი სამყარო, თვითმყოფადი კულტურა, გაამრავალფეროვნოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა თანამედროვე რეალობის გათვალისწინებით.
ადამიანი აზროვნებით, გონით, ნაგრძნობ-გააზრებული ქმედებებით ცვლის გარემომცველ სამყაროს და მისი პასიური მიმდევარი არ არის. სწორედ ამისთვის მას სჭირდება უწყვეტი განვითარება, პიროვნული ზრდა, რომელიც ნაკარნახევი იქნება საკუთარი ინდივიდუალობისა და გარე სამყაროს ჰარმონიული ურთიერთშერწყმით.
სხვადასხვა ცხოვრებისეულ პერიოდში, ციკლში, ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა შეიმეცნოს და დაუკავშირდეს განუმეორებელ, მრავალფეროვან გარემოს. თავისთავად, ცხოვრებისეული ციკლი გულისხმობს ადამიანის განვითარების ეტაპებს, რასაც თან ახლავს ასაკობრივი კრიზისები, ეგრეთ წოდებული კრიტიკული პერიოდები. სწორედ ამიტომაც ვალდორფის პედაგოგიკაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ადამიანის განვითარების ფაზებს. ეს ფაზები პირობითად დაყოფილია შვიდწლეულებად, ეტაპებად და თითოეულ ეტაპზე კონკრეტული ასაკის შესაბამისი განსხვავებული ამოცანა არის გადასაწყვეტი.
ასაკობრივი განვითარების, თავისებურებების, ინტერესებისა და შესაძლებლობების კვალდაკვალ სხვადასხვა შვიდწლეულში ამ ამოცანებზე მუშაობა სხვადასხვა დიდაქტიკურ მეთოდიკური პრინციპებით წარიმართება.
ამ შემთხვევაში ვალდორფის პედაგოგიკა იზიარებს არისტოტელეს ხედვას ბავშვობისა და აღზრდის პერიოდის სამი საფეხურის შესახებ: პირველი საფეხური – დაბადებიდან შვიდ წლამდე, მეორე საფეხური – 7-დან 14 წლამდე, მესამე საფეხური – 14-დან 21 წლამდე.
ამასთან, თითოეულ ასაკობრივ ფაზაში საგულისხმო და გასათვალისწინებელია ინდივიდუალური მოცემულობა/თავისებურებები, სქესობრივი, პიროვნული განსხვავებები, მახასიათებლები.
ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში ადამიანი თავისი ცხოვრების პირველი სამი შვიდწლეულის განმავლობაში ხვდება.
პირველი შვიდწლეული, ადრეული ბავშვობა, დაბადებიდან შვიდ წლამდე პერიოდი.
ბავშვი ამ ასაკში გვევლინება მემკვიდრეობით მიღებული სხეულით და ინდივიდუალური (სულიერი), ინტელექტუალური შესაძლებლობებით. მის ჩამოყალიბებაზე ზეგავლენას ახდენს გარემო. აქვე ვერ გამოვრიცხავთ და ვერ უგულებელვყოფთ სულიერ პოტენციალს, რომელიც ჩანასახობრივად თითოეულ ინდივიდშია და თავს იჩენს სხვადასხვა ცხოვრებისეულ პერიოდში.
პირველ შვიდწლეულში ზოგადსაგანმანათლებლო სივრცისთვის (სკოლისთვის) ყურადსაღებია შვიდი წლის ასაკი, რომელიც გვირგვინდება კბილთა ცვლით და ფიზიკურ სხეულში მიმდინარე რადიკალური ცვლილებებით. შინაგანად, უხილავად მიმდინარე პროცესების პარალელურად თვალსაჩინოდ გამოხატულია პროპორციების ცვლილებები, ბავშვი ხვეწს მოძრაობის უნარს,
მოტორულ უნარებსა და ნატიფ მოტორიკას. მოტორული განვითარება მას ეხმარება მეტი დამოუკიდებლობის მოპოვებაში. ამ ასაკში მისი ქმედებები მეტად მიზანმიმართულია, შესამჩნევია თვალისა და ხელის კოორდინირებული მუშაობა, ბავშვი ეტაპობრივად იცხადებს გარკვეულ მიზეზშედეგობრივ კავშირებს, თუმცა უმეტესწილად ის მაინც საკუთარი წარმოსახვითი სამყაროს პირმშოა.
ამ პერიოდში გარემომცველ სამყაროსთან ბავშვის მიმართება გახსნილობითა და მისი უშუალო მიმღებლობით ხასიათდება. ემოციური და სოციალური მიჯაჭვულობა სკოლამდელ პერიოდში მეტწილად შემოიფარგლება ოჯახის წევრებთან ურთიერთობით. სკოლის ეტაპზე ფართოვდება არეალი და ის მოიცავს ყველა სხვა დანარჩენთან ერთად სკოლის სოციუმსაც. კბილის მოცვლამდე ბავშვი უპირობოდ იღებს ყველაფერს, რაც მას გარემოიცავს და ნდობით განმსჭვალული ეწაფება, ისრუტავს დადებითსაც და უარყოფითსაც, თანაც ძირითადად სწავლობს მიბაძვით. სასკოლო ასაკის ბავშვებთან წამყვანი კვლავ მიბაძვის ძალებია, თუმცა მას აღმზრდელისგან უკვე მიეწოდება გარკვეული წესები, პრინციპები, რომლებსაც უნდა მიჰყვეს. ამ შემთხვევაში მიბაძვასთან ერთად წარმმართველია ნდობის ფაქტორი – ბავშვი ენდობა აღმზრდელს და ითვალისწინებს მის მიერ შემოთავაზებულ წესებსა და პრინციპებს.
მეორე შვიდწლეული
7-დან-10 წლის ჩათვლით ფსიქოლოგიურად და ფიზიოლოგიურად განსაკუთრებული ცვლილებები თვალსაჩინო არ არის. ბავშვი თითქოს ყველა მიმართულებით ჰარმონიულად იზრდება, ჯერ კიდევ ინარჩუნებს სხეულის ბავშვურ პროპორციებს, თუმცა გამოიკვეთება სხეულის ცალკეული დეტალები. განსაკუთრებით თვალშისაცემია შემდგომი(10 წლის)
პერიოდი, პუბესცენსი – როდესაც რამდენიმე თვეში სხეული სწრაფად იზრდება, განსაკუთრებით კიდურები, მთლიან აღნაგობაში თავს იჩენს დისბალანსი, მას თან ახლავს სხეულის მოქნილობის ეტაპობრივი დაკარგვა. ხოლო პუბერტატის დადგომასთან ერთად სახის პროპორციების ცვლილებას თან სდევს სხეულის პროპორციების დაბალანსება. სხეული ისევ „მოსაპოვებელ-მოსახელთებელია“.
მეორე შვიდწლეულის პირველ ეტაპზე მოზარდი ფრაგმენტულად იაზრებს გარე სამყაროს და ასაკის მატებასთან ერთად საკუთარ პიროვნულ მიკუთვნებულობას გარე სამყაროსთან, სოციუმთან, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ის ხდება დამკვირვებელი, არ არის ბრმა მიმბაძველი, აქვს უნარი ცალკეულ ელემენტებში მიზეზშედეგობრივი კავშირები ამოიცნოს, აღიქვას და აღქმული ცნებებამდე აიყვანოს. მან მაქსიმალური გახსნილობითა და ფანტაზიით უნდა შეძლოს გაუცხოებულ გარემომცველ სამყაროსთან მორგება. სამეტყველო ენის დაუფლებით ის სააზროვნო უნარისთვისაც საფუძველს ავითარებს, ამ ეტაპზე პედაგოგიური ამოცანაა აღქმა, წარმოსახვაში აღდგენა. წერილობით ან სამეტყველო ენაში რაიმეს გადმოცემა მშრალ რეპროდუქციას უნდა გასცდეს. ეს პერიოდი ემოციური განვითარების ფაზად შეგვიძლია განვიხილოთ, ამიტომაც შემოქმედებითი წარმოსახვა ინტელექტუალური წვრთნის პარალელურად და ქმედითი ნებელობითი უნარების განვითარებით უნდა მიმდინარეობდეს. მას მოსაპოვებელი აქვს მშვინვიერი ნდობა გარემომცველ სამყაროსთან, რომელსაც აკვირდება, შემდგომ, პუბერტატის ასაკში კი მოისურვებს მის დაპყრობას. ამ პერიოდში მოზარდი სწავლობს გარე სამყაროსთან ურთიერთობას და შინაგანი, ინდივიდუალური იმპულსებიდან გამომდინარე ქმედებას. პედაგოგიური ამოცანა ფაქიზად და ფრთხილად არის განსახორციელებელი, რადგან მეორე შვიდწლეულში ბავშვის შინაგანში მიმდინარე პროცესები მარტივად გასაგები არ არის.
პედაგოგიური დაკვირვებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოზარდი ამ ეტაპზე უმეტესწილად ბედნიერად გრძნობს თავს, როდესაც შეხება აქვს შთაბეჭდილებებთან, რომელთა გათავისებაც შეუძლია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პოზიტიური შთაბეჭდილებების შეთავაზება, რომლებიც უცხო არ იქნება მისთვის, რომლებიც დაეხმარება აზროვნებისა და ნების ჰარმონიზებაში, მკვიდრ კავშირს დაამყარებინებს მოზარდს აწმყოსთან. სისტემური ჩარევებით,
რჩევებით, მოთხოვნებით მოზრდილებმა ბავშვებთან არ უნდა გააძლიერონ უნდობლობა საკუთარი შესაძლებლობებისადმი, ადამიანის ბიოგრაფიაში ხომ განმსაზღვრელი და ყველაზე დიდი ძალა საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა და მართვაა. ძლიერი ნებელობის ჩამოსაყალიბებლად საგანგებოდ აღსანიშნავია ფანტაზიის მნიშვნელობა და როლი – ამ ფაზაში სწორედ ფანტაზიისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას უნდა დაეთმოს საკმარისი დრო.
მესამე შვიდწლეული ბავშვობიდან მოზრდილობაში გარდამავალი პერიოდია. სხეულის ზრდას თან მოსდევს ინდივიდუალიზაციის საკმაოდ მტკივნეული და უცხო პროცესი, სხეული ინდივიდუალურ ფორმებს იძენს, გამოიკვეთება პიროვნული მახასიათებლები, თვალშისაცემია მთლიანი ადამიანის ტრანსფორმაცია: ხდება გოგონებისა და ვაჟების მკვეთრი დიფერენციაცია,
იდენტობის გამოკვეთა. საქმე გვაქვს კარდინალურ ფსიქოემოციურ და ბიოლოგიურ ცვლილებებთან, რომლებიც, ცხადია, ზემოხსენებულ ინდივიდუალიზაციის მტკივნეულ პროცესის პარალელურად მიედინება. ფიზიკურ სხეულში მიმდინარე ცვლილებები თანხვედრაშია შინაგანად მიმდინარე პროცესებთან.
ამ ასაკში კიდევ ერთი განსაზღვრული ეტაპი სრულდება და ახალი იწყება, საკუთარ სხეულთან და საკუთარ თავთან გაუცხოებული ახალგაზრდა გარე სამყაროს ცალსახად უპირისპირდება. გარე სამყაროს მიმღებლობა საკუთარი სხეულის, პიროვნების მიმღებლობა/შესწავლასთან პირდაპირ კავშირშია: მშვენიერი, მოქნილი სხეული უცებ გაიზარდა, გაუცხოვდა და ფუნქციურადაც დაკარგა მოქნილობა. ახალგაზრდის წინაშე დგება ახალი ამოცანა ამქვეყნიური რეალობა ახლებურად შეიმეცნოს, მოერგოს, მიიღოს.
ხშირად პუბერტატის ასაკის განხილვისას, განსაკუთრებულ (ცალმხრივად გადამეტებულ) ყურადღებას უთმობენ სქესობრივ მომწიფებას. მრავალწახნაგა განვითარების ამ ეტაპზე, სქესობრივი მომწიფება მხოლოდ ერთი, თუმცა მნიშვნელოვანი ასპექტია: გოგონებთან მენსტრუაციის დაწყება, ხოლო ბიჭებთან პირველი ერექცია/ეაკულაცია. ეს ყველაფერი საკუთარი თავის ძიების, იდენტობის გამოკვეთის მტკივნეული და დამაბნეველი პროცესია. ახალგაზრდა საჭიროებს ეტაპობრივ ადაპტაციას სოციუმთან საკუთარი თავის აღმოჩენა/ მოპოვების ფონზე. ყოველივე ზემოთ ნახსენები გაურკვევლობაში აგდებს ახალგაზრდას, სამყარო „შიშველი ფაქტების რუხ სამყაროდ“ აღიქმება და მარტოობის საბურველში ეფლობა.
ამ ეტაპზე პედაგოგიურ ამოცანას წარმოადგენს შემეცნებითი უნარების გააქტიურება. უპირატესობა უნდა მიენიჭოს აზროვნების, შემეცნებითი და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებას.
მესამე შვიდწლეულის მეორე ნახევარში, პედაგოგიურ ამოცანას წარმოადგენს გარემომცველ სამყაროსთან ჰარმონიული კავშირის დამყარება და ამ ამოცანის გადასაწყვეტად, მიზნის მისაღწევად, სწორედ სააზროვნო უნარები უნდა გააქტიურდეს. ზოგადად, ეს პროცესი უსრულია და მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება მეტ-ნაკლები ინტენსივობით.
პედაგოგიკას ევალება ეგზისტენციურ კითხვებზე პასუხის ძიებაში დაეხმაროს მოსწავლეებს.
სკოლა უნდა იქცეს ადგილად, სადაც ახალგაზრდას მრავალფეროვანი გამოწვევებით სავსე სივრცეში მიეცემა საშუალება, ეძიოს პასუხები მისთვის საინტერესო კითხვებზე. ამ უსაფრთხო და პოზიტიურ გარემოში უნდა დაიკმაყოფილოს მან ძიების დაუოკებელი სურვილი. ასეთი გარემო იდენტობის ძიებაში ჩაფლულ ახალგაზრდას ხელს შეუწყობს დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბებაში.
თუ წინა წლების განმავლობაში პროცესი ჯანსაღად წარიმართება, ახალგაზრდას უჩნდება ნდობა საკუთარი შესაძლებლობებისადმი, რაც გამყარებულია და განმტკიცებულია მიღებული გამოცდილებით და ანალიტიკური აზროვნებით.
ასეთ შემთხვევაში ახალგაზრდა ინტერესით შეეჭიდება მრავალფეროვან შეთავაზებებს ახალი გამოცდილების მიღების პროცესში.
- ზღაპრულ სამყაროში თვალსაჩინო, ზნეობრივი მაგალითებით გამდიდრებული გარემოცვა მიმბაძველი ბავშვური ბუნებისთვის ქმნის ერთიანობის, ნდობით აღსავსე ჯანსაღ განცდას;
- დაკვირვებითა და პოზიტიური განცდებით, ემოციურ-მშვინვიერი აღფრთოვანებით აღმოჩენილი გარემომცველი ბუნება აყალიბებს მოზარდში ნდობას სამყაროსთან, რომელსაც ის შემდგომ ეტაპობრივად ემიჯნება;
- გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელი მკვეთრი გამიჯვნა როგორც სამყაროსთან, ასევე საკუთარ სხეულებრიობასთან, მარტოსულობის განცდად ყალიბდება; აზროვნების ძალით, საკუთარი ინდივიდუალობის მოპოვების პარალელურად, შემეცნებითა და აზროვნებით აღადგენს ახალგაზრდა კავშირს როგორც საკუთარ თავთან, ისე სამყაროსთან და მას ამაში დაეხმარება პირველ შვიდწლეულში მიღებული ნდობა და მეორე შვიდწლეულში მოპოვებული აღფრთოვანება.