ვალდორფის პედაგოგიკის ისტორია - 1919 წლიდან თანამედროვეობამდე

ბარბარა ჯიმელი სულაშვილი

10.08.2021

1919 წლის სექტემბერში, ქალაქ შტუტგარტში, დაფუძნდა პირველი ვალდორფის სკოლა. ინიციატივის სათავეში სიგარეტების ქარხნის დირექტორი, ემილ მოლტი და მისი მეუღლე იდგნენ. მათ სურდათ, ქარხნის მუშათა შვილებს მიეღოთ კარგი განათლება. ასე დაიბადა, საჯარო სასკოლო სივრცის პარალელურად, პირველი თავისუფალი ვალდორფის სკოლა ყველა სოციალური ფენისთვის. მოსწავლეები აქ ხვდებოდნენ მიუხედავად წარმოშობისა, რელიგიური მიკუთვნებულობისა და ეროვნებისა. საწყის ეტაპზე ეს იყო ექსპერიმენტი, რომელიც მოგვიანებით, მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებული სწავლის მოდელად იქცა. ემილ მოლტმა რუდოლფ შტაინერი მოიწვია ძირითადი პედაგოგიური კონცეფციის ხელმძღვანელად. 

მეორე მსოფლიო ომამდე გაიხსნა 34 სკოლა ევროპის სხვადასხვა კუთხესა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ყველა სკოლა მუშაობდა ერთი და იგივე პედაგოგიური საფუძვლებით და განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან გარკვეულ ასპექტებში: ითვალისწინებდა ამა თუ იმ ქვეყნის კულტურას. 

ნაციონალ-სოციალიზმის პერიოდში ვალდორფის სკოლები დაიხურა გერმანიაში და სხვა ევროპულ ქვეყნებში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო ვალდორფის სკოლების თავიდან დაარსება. გარდა ამისა, ეტაპობრივად, მოხდა ვალდორფის პედაგოგიკის თავისებურებების ინტეგრირება სხვა სკოლებშიც. მათ შორის, საჯარო და კერძო სკოლებში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ არიან დარეგისტრირებული ვალდორფის სკოლების სახელით. 

ამჟამად მსოფლიოში, 100 ქვეყანაში, 1100 ვალდორფის სკოლაა, ვალდორფის პედაგოგიკით მომუშავე ბაღების რაოდენობა 2000-ს სცდება. ვალდორფის პედაგოგიკა არის ყველაზე დიდი მსოფლიო სასკოლო მოძრაობა. სკოლების უმეტესობა ფუძნდება მშობლების მიერ და ისინი უზრუნველყოფენ მათ ფინანსურად. სკოლის საზოგადოება, მშობლები, მასწავლებლები, მოსწავლეები ქმნიან გარემოს, რომელიც ადამიანის აღზრდა/ჩამოყალიბებისთვის, ჯანსაღი განვითარებისთვის შესაფერისი ადგილია, სადაც ნებისმიერ მსურველს ეძლევა შესაძლებლობა, გახდეს საზოგადოებრივი ცხოვრების თანამონაწილე. 

ვალდორფის პედაგოგიკა ქმნის საფუძველს პლანეტის ღირსეული მომავლისთვის.