ნდობაზე დამყარებული სწავლება
თეა როგავა
18.01.22
ადამიანი მთელი თავისი არსით ეპასუხება გარემომცველი სამყაროს ზემოქმედებას. ვალდორფის პედაგოგიკა ეყრდნობა ამ მოცემულობას. თითოეულ შვიდწლედში ბავშვის ჰარმონიული განვითარების ხელშესაწყობად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ შვიდწლეულში არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებას. ბავშვის შინაგანი მოთხოვნილებების, ინტერესების, გამოცდილების, უახლოესი განვითარების ზონის შესაბამისად დაგეგმილი სასწავლო პროცესი თავიდან აგვარიდებს ინდიფერენტულ დამოკიდებულებას. მოსწავლეს გაუჩენს ინტერესსა და მოთხოვნილებას იკვლიოს გარემომცველი რეალობა, ხელშესახები სინამდვილე, ისწავლოს, შეიმეცნოს, ითამაშოს, იმოქმედოს, მთელი არსებით ჩაერთოს პროცესში. ნდობით განმსჭვალული ბავშვი შემეცნების სიხარულით შეიმეცნებს გარესამყაროს.
ბავშვს სამივე შვიდწლეულში საკუთარი სხეულისადმი, შეგრძნებებისადმი, აზროვნებისადმი ნდობის გამომუშავება სჭირდება. ამ პერიოდში ადამიანს უჩნდება გარკვეული განწყობა დამოკიდებულებები, რაც შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვეს და თუ ეს განწყობა-დამოკიდებულება ( მაგალითად, საკუთარი შესაძლებლობების, სუსტი და ძლიერი მხარეების აღიარება, ნდობა და ა.შ.) მოკლებულია ნდობას, არსებული პოტენციალი სათანადოდ ვერ განვითარდება.
ნდობის გამომუშავება საკუთარი შესაძლებლობებისადმი ეტაპობრივი პროცესია. გარემომცველი სამყარო შეუცნობელი და დამთრგუნველი იქნება, თუ გვერდით არ აღმოჩნდა ადამიანი, რომლის მიმართაც ბავშვი ნდობით აღიჭურვება და საჭიროების შემთხვევაში მიმართავს მას, დაეყრდნობა და მიიღებს მისგან დახმარებას. ნდობა ღიაობის საწინდარია, ღიაობა ადამიანებს შორის, ნდობა ადამიანსა და სამყაროს შორის -აუცილებელი წინაპირობაა აღზრდა-განათლებისა და განვითარებისთვის.
მაგალითად, შეუცნობელი სამყაროსადმი ნდობის გამომუშავებაში დიდ როლს თამაშობს აღმოჩენებით სწავლება, სადაც ბავშვის ბუნებრივი მოთხოვნილება, შეიმეცნოს, აღმოაჩინოს და აღფრთოვანდეს შემეცნების პროცესით უკარგავს ბავშვს უსუსურობის განცდას, აძლიერებს მის ცნობისმოყვარეობას, ავითარებს პოზიტიურ დამოკიდებულებას სწავლისადმი და უყალიბებს ჯანსაღ თვითრწმენას, სამყაროსთან შეხვედრის სიხარულს წინარე წარმოდგენების გარეშე.