სწავლა - რიტმული პროცესი

თეა როგავა

18.01.2022

ვალდორფის სკოლებში დილის რამედნიმე გაკვეთილი ეთმობა „ეპოქის გაკვეთილს“.

გაკვეთილებზე კონკრეტული საკითხის შესახებ ცოდნის გადაცემა არ არის საკმარისი იმისთვის,  რომ პროცესი სრულფასოვნად წარიმართოს. განათლების ზოგადი მიზნების მიღწევა,  ტრანსფერული უნარების გამომუშავება, სასწავლო შედეგებთან სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით მიახლოება და კომპლექსური მიდგომა ვალდორფის პედაგოგიკის უმთავრესი ამოცანებია.

ამ მიზნების მისაღწევად მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროცესის სწორად, მოსწავლის ასაკობრივი თავისებურებებისა და ინტერესების გათვალისწინებით ორგანიზება (იხ. მოძრავი საკლასო ოთახი).

„ეპოქალური სწავლება“ – საკითხის სიღრმისეული გააზრებისთვის ბავშვი რამდენიმე კვირის (3-4 კვირის) განმავლობაში, დღის პირველ ნახევარში, კონცენტრირდება ერთ საგანზე და შეისწავლის მას საფუძვლიანად. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მოსწავლეთა ინდივიდუალური მოცემულობიდან გამომდინერე სწავლის რიტმი უხეშად კლასიფიცირდება სამ ტიპად: სწრაფი, საშუალო და ნელი, ამ სახით დაგეგმილი გაკვეთილები ყველა მოსწავლეს მისცემს საშუალებას, შეიმეცნოს საგანი საკუთარი შესაძლებლობიდან გამომდინარე და არ გაუცხოვდეს ახალი მასალის ათვისების, საკითხის სიღრმისეულად და საფუძვლიანად  განხილვისას. საკითხის გრძელვადიან პერიოდში ჩაღრმავებისას „საგანს“ აქვს შესაძლებლობა მოზარდზე სრულად იმოქმედოს, გარდა მტკიცედ დამახსოვრებული ფაქტებისა, ჩაუღრმავდეს მას და სათანადო დადებითი განწყობაც გამოუმუშაოს.

ერთ სასწავლო საგანზე რამდენიმე კვირის განმავლობაში კონცენტრირება მასწავლებელს საშუალებას აძლევს, ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწიოს დასახულ სასწავლო მიზნებს, მოსწავლეები კი – სიღრმისეულად შეიმეცნებენ სასწავლო შინაარსს.

დიდი მოცულობის შინაარსის გადანაწილება, 3-4 კვირის განმავლობაში სიღრმისეული კვლევა,  შესწავლა საგანთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენების ჩამოყალიბებას ემსახურება.

ამგვარ ფოკუსირებულ, კონცენტრირებულ, ინტენსიურ მუშაობას უნდა მოსდევდეს მოცემული საგნის შინაარსებთან კავშირის წყვეტა, რათა მოგვიანებით მიღებული ცოდნა განახლდეს და უნარ-ჩვევად ჩამოყალიბდეს.

აქ მუშაობას იწყებს ისეთი ფენომენი, როგორიცაა „დავიწყება“ (დავიწყება, რომელიც ცოდნას,  შინაარსის დავიწყებას ეხება, ადვილად აღდგენადია). ვალდორფის პედაგოგიკაში სწავლა სწავლების პროცესში დავიწყებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ფაქტებისა და შინაარსების  მექანიკური დამახსოვრება ზოგიერთ შემთხვევაში არც წარმოადგენს აუცილებლობასა და თვითმიზანს, რადგან სწავლების პროცესში ვითარდება და ყალიბდება სხვადასხვა მნიშვნელოვანი უნარი, რაც მოსწავლის კომპეტენციების კომპლექსურ განვითარებას უწყობს ხელს.

განცდა-განწყობა, უნარი რომელიც სწავლის პერიოდში ყალიბდება ცხოვრების განმავლობაში გაჰყვება ადამიანს და ის „აღჭურვილია ცოდნით (თეორიული პარადიგმა, რომელიც განსაზღვრავს რა უნდა გავაკეთო და რატომ), შესაძლებლობით (მას შეეძლება იმის განსაზღვრა,  სად რა ტიპის „ცოდნა“ გამოიყენოს და როგორ გააკეთოს ეს) და ამასთან, აქვს სამყაროს შემეცნების, თვითგანვითარების უწყვეტი სურვილი“ (1) 

დავიწყება-გახსენების ფაზა შემდეგნაირად განიხილება: დავიწყება ეპოქალური სწავლებისას არის არა პასიური პროცესი, არამედ შესწავლის, შემეცნების გზაზე სავსებით ბუნებრივი, საჭირო გამოცდილება. ეს არის წარსულის განცდა, რომელიც აწმყოზე ახდენს ზეგავლენას,  გამოცდილება, რომელიც მომავალში ცოდნის, უნარ-ჩვევის ნაწილი გახდება.

ვალდორფის სკოლებში ეპოქის გაკვეთილის ძირითადი ეტაპებისა და ფაზებისგან შედგება,  მისთვის დამახასიათებელია სასწავლო აქტივობების რიტმული ცვლა და მისი გონივრული დაყოფა:

  1. რიტმული ნაწილი;
  2. ძირითადი ნაწილი;
  3. თხრობა ან ექსპერიმენტი.

1. რიტმული ნაწილი – გამოწვევის ფაზაზე, გაკვეთილის დასაწყისში, მნიშვნელოვანია პედაგოგმა მოსწავლეები განაწყოს სასწავლო პროცესისათვის. ერთობლივი, ქოროში შესრულებული სიმღერები, ლექსები, მოტივაციური თამაშები, სხვადასხვა სხეულებრივი აქტივობა დასწავლის ემოციური მოტივაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ის სწავლის პროცესს მუხტსა და ენერგიას მატებს და სასწავლო პროცესისადმი დადებითად განაწყობს მოსწავლეს. გაკვეთილის ამ ფაზაში სასწავლო შინაარსი საგნის, წელიწადის დროის, მისაღწევი მიზნის შესაბამისად ირჩევა და იცვლება. პედაგოგს შეუძლია დასამახსოვრებელი მოცულობითი მასალა რიტმული გამეორებებით ადვილად დაძლევადი გახადოს.

2. ძირითადი ნაწილი – გაკვეთილის ცენტრალური ნაწილი, ახალი მასალის გაცნობის, გააზრების, სიღრმისეული წვდომის ფაზაა. ეს ნაწილის მოიცავს ცოდნის კონსტრუირების 3 ეტაპს, რომელიც ორ დღეს საჭიროებს. პირველი დღე: არსებული ცოდნის გააქტიურება, ახალი მასალის გაცნობა. შემდეგ დღეს ხდება საკითხის სიღრმისეული გააზრება, ახალი მასალის ბოლომდე გათავისება და წინარე ცოდნასთან დაკავშირება. და ბოლოს, საკითხის აბსტრაგირება,  შეჯამება, წინარე ცოდნისა და ახალი მასალის გამთლიანება. პედაგოგმა შეიძლება გამოიყენოს როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი სწავლების სტრატეგიები. საგნის შესწავლის საწყის ფაზაში სათანადო განწყობის შექმნა, სწორი ემოციური მუხტის, შემეცნების სიხარულის გაღვივება იმის გარანტიაა, რომ მასალის ათვისების, შემეცნების დანარჩენ ფაზებში სწორი ემოციური დამოკიდებულება და განწყობა შენარჩუნდება და გაჰყვება პროცესს ბოლომდე.

3. თხრობა ან ექსპერიმენტი – გაკვეთილს დასკვნითი ნაწილია, რომელიც გულისხმობს მოსწავლეებისთვის სასწავლო გეგმის, ასაკის შესაბამისად არჩეული თემების თხრობით (ფრონტალურ ფორმატში) გადაცემას. მოსმენისა და საუბრის კულტურის განვითარებისთვის მასწავლებელმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს საკუთარ ხმას, ჟესტებს, მიმიკას,

ემოციებს, ოთახში გადაადგილებას და სამეტყველო ენას, რაც აქტიურ მოსმენას უწყობს ხელს.  საბაზო საფეხურზე ეს დრო, საჭიროების შემთხვევაში, ეთმობა ექსპერიმენტს ან/და კონკრეტული ისტორიული მოვლენის თუ ბიოლოგიური ან/და გეოგრაფიული ფაქტების დეტალურ აღწერას.

ეპოქის გაკვეთილის მრავალმხრივი აქტივობებით დაგეგმვა, სწავლების სხვადასხვა მეთოდისა და სტრატეგიების მონაცვლეობა განაპირობებს ჯანსაღ რიტმს (ხატოვნად – „ჩასუნთქვა ამოსუნთქვა“). ასეთი გაკვეთილი გამოირჩევა მოქნილობით და აძლევს მოსწავლეს შესაძლებლობას, იყოს აქტიური და შეინარჩუნოს ინტერესი სწავლისადმი. ერთი გაკვეთილის ფარგლებში შემოქმედებითად წარმართული აქტივობები უზრუნველყოფს გაკვეთილის დასრულებას გადაღლის გარეშე.

ვალდორფის სკოლის სასწავლო გეგმა, გაკვეთილების ცხრილი ითვალისწინებს კოგნიტური მუშაობის, მოძრაობის, პრაქტიკული აქტივობების რიტმულ, გონივრულ მონაცვლეობას  სასწავლო წლის, კვირისა და დღის გათვალისწინებით. თეორიული საგნები, ხელოვნებისა და ხელობების პრაქტიკული გაკვეთილები ცხრილში შეძლებისდაგვარად ისე ნაწილდება, რომ მოსწავლეების მიერ საგნის ფარგლებში მიღებული შედეგი შენარჩუნებულ იქნეს. საბოლოოდ შეგვიძლია გამოვყოთ გაკვეთილზე განხილული შინაარსების შემეცნების, გაგებისა და მოხელთების სამი მნიშვნელოვანი ეტაპი:

  1. აღქმა, განცდა, დაკვირვება, ექსპერიმენტირება;
  2. გახსენება, აღწერა, დახასიათება, გრაფიკული ან ფერწერული ნახატის შექმნა;
  3. გადამუშება, ანალიზი, აბსტრაგირება, გენერირება, ჩაღრმავება: ურთიერთკავშირების აღწერა, ცნებების ჩამოყალიბება.

ამ სამი საფეხურის გავლა, როგორც უკვე აღინიშნა, არ ხდება ერთ გაკვეთილზე. ეს ორ-სამ დღეზე გაწერილი პროცესია და მისი თითოეული შემადგენელი წინასწარაა განსაზღვრული.

საგანგებოდ აღსანიშნავია შემდეგი: პირველიდან მეორე ეტაპზე გადასვლისას მოსწავლე დისტანცირდება შესასწავლი საკითხისგან. ამ ნაბიჯით ცდილობს ვალდორფის პედაგოგიკა,  იმუშაოს იმ მნიშვნელოვანი პოლარობებით, რასაც ძილ-ღვიძილს, ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას,  ცნობიერ-არაცნობიერს ვუწოდებთ, რადგან სწავლა-სწავლება არა მხოლოდ კოგნიტური, არამედ მშვინვიერ-რიტმული პროცესიც არის.

45 წუთიანი გაკვეთილები 

გარდა ეპოქალური სწავლებისა, ვალდორფის სკოლებში მთელი წლის განმავლობაში  საგაკვეთილო ცხრილში გვხდება ცალკეულ საგნები, რომლებიც უწყვეტ თანმიმდევრულ მუშაობას მოითხოვენ. ასეთი საგნებია: მშობლიური ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხო ენები, მუსიკა, ხატვა, სპორტი და ა.შ. ამ მცირე მოცულობით მონაკვეთშიც გაკვეთილის იგება იმავე პრინციპით, როგორც ეს ეპოქის გაკვეთილზე განვიხილეთ.

1.„უნარ-ჩვევა“ – რას ნიშნავს უნარი? რას ნიშნავს ჩვევა? ნინო ლომიძე 26.03.21 http://mastsavlebeli.ge/?p=29009)