სწავლა-სწავლების მეთოდიკური ორიერნტირები ვალდორფის სკოლებში
თეა როგავა
18.01.2022
მაღალი ხარისხის ცოდნა
ვალდორფის პედაგოგიკაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ასაკის შესატყვისი, დაძლევადი შინაარსების მიწოდება /დასწავლას, ეს ბავშვს აძლევს შესაძლებლობას საკითხი გაიაზროს სიღრმისეულად. აუცილებლად გასათვალისწინებელია ინდივიდუალური მონაცემები, შესაძლებლობები.
ადამიანის მოცემული შესაძლებლობების თანახმად დაგეგმილი შემოქმედებითი, მრავალფეროვანი გაკვეთილი მოსწავლეს საშუალებას აძლევს, სასწავლო მასალას სიღრმისეულად დაეუფლოს, გაიაზროს და სასწავლო შედეგების დაძლევის გარანტიადაც გვევლინება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყოველი გაკვეთილი უნდა დაიგეგმოს მისაღწევი შედეგის შესაბამისად, გაგება/გააზრების დონის მიღწევა შესაძლებელი იქნება მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და მრავალმხრივი, შემოქმედებითი აქტივობების თანხვედრის შემთხვევაში.
მოსწავლის კვალიფიკაცია (კომპეტენცია) აერთიანებს ცოდნასა და გაცნობიერებას, ფაქტებს, ინფორმაციას, პრინციპებს, თეორიული თუ პრაქტიკული მეთოდების ურთიერთკავშირს, რომელიც უნარად ყალიბდება და აძლევს მოზარდს შესაძლებლობას გაუმკლავდეს დავალებას, გადაჭრას პრობლემა შესაბამისი ცოდნის, კოგნიტური და პრაქტიკული უნარების ფართო
სპექტრის გამოყენებით, პასუხისმგებლობით, ინდივიდუალურად, მნიშვნელოვანი ფასეულობებისა და ღირებულებების საფუძველზე.
თუ სასწავლო პროცესი მხოლოდ ფაქტობრივი მასალის დამუშავებას, დამახსოვრებას, შინაარსის დაუფლებას მოიცავს და არ არის გათვალისწინებული მოსწავლის მრავალმხრივი ინტერესები, შესაძლებლობები, შესაძლოა, მოზარდს ნიჰილიზმისა და უსუსურობის განცდა დაეუფლოს.
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზისო ცოდნა, რომელიც ადამიანის ჰარმონიულ განვითარებას ესწრაფვის, ქმნის საფუძველს შემდგომი სწავლა-განვითარებისთვის.
სწავლა – რიტმული პროცესი
თანამედროვე ცვალებად სამყაროში ცხოვრების ჯანსაღი რიტმის, ცვლილებათა ბუნებრივი ციკლის შესახებ ხშირად საუბრობენ. სწავლების პროცესში რიტმული განმეორებითობა, რომელიც ყოველი გამეორების დროს განახლების ახალი იმპულსით იმსჭვალება, განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.
მთელი ცხოვრების განმავლობაში რიტმულად მომუშავე ორგანოები დაუღლელად, ერთგულად გვემსახურებიან, ამიტომაც ვალდორფის პედაგოგიკა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რიტმს და მის გამაჯანსაღებელ ძალას უქვემდებარებს სასწავლო პროცესს.
სწავლა-სწავლების პროცესში გამოვყოფთ 4 ძირითად რიტმს: წლის, თვის, კვირის და დღის. აღსაზრდელზე გამაჯანსაღებლად მოქმედებს სასწავლო პროცესის სწორი დროითი დაგეგმარება, რაც რიტმულ გამეორებითობას გულისხმობს. მთავარია, ის არ იქცეს მექანიკურ პროცესად, რომელიც მოკლებული იქნება შემოქმედებითობასა და სიხარულს.
განვიხილოთ წლის რიტმი, რომელიც გულისხმობს საგნების გონივრულ დაგეგმვას მთელი სასწავლო წლის განმავლობაში.
„ეპოქალური სწავლება“ – საკითხის სიღრმისეული გააზრებისთვის ბავშვი რამდენიმე კვირის (3-4 კვირის) განმავლობაში, დღის პირველ ნახევარში, კონცენტრირდება ერთ საგანზე და შეისწავლის მას საფუძვლიანად. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მოსწავლეთა ინდივიდუალური მოცემულობიდან გამომდინერე სწავლის რიტმი უხეშად კლასიფიცირდება სამ ტიპად: სწრაფი, საშუალო და ნელი, ამ სახით დაგეგმილი გაკვეთილები ყველა მოსწავლეს მისცემს საშუალებას, შეიმეცნოს საგანი საკუთარი შესაძლებლობიდან გამომდინარე და არ გაუცხოვდეს ახალი მასალის ათვისების, საკითხის სიღრმისეულად და საფუძვლიანად განხილვისას. საკითხის გრძელვადიან პერიოდში ჩაღრმავებისას „საგანს“ აქვს შესაძლებლობა მოზარდზე სრულად იმოქმედოს, გარდა მტკიცედ დამახსოვრებული ფაქტებისა, ჩაუღრმავდეს მას და სათანადო დადებითი განწყობაც გამოუმუშაოს.
ერთ სასწავლო საგანზე რამდენიმე კვირის განმავლობაში კონცენტრირება მასწავლებელს საშუალებას აძლევს, ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწიოს დასახულ სასწავლო მიზნებს, მოსწავლეები კი – სიღრმისეულად შეიმეცნებენ სასწავლო შინაარსს.
დიდი მოცულობის შინაარსის გადანაწილება, 3-4 კვირის განმავლობაში სიღრმისეული კვლევა, შესწავლა საგანთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენების ჩამოყალიბებას ემსახურება.
ამგვარ ფოკუსირებულ, კონცენტრირებულ, ინტენსიურ მუშაობას უნდა მოსდევდეს მოცემული საგნის შინაარსებთან კავშირის წყვეტა, რათა მოგვიანებით მიღებული ცოდნა განახლდეს და უნარ-ჩვევად ჩამოყალიბდეს.
აქ მუშაობას იწყებს ისეთი ფენომენი, როგორიცაა „დავიწყება“ (დავიწყება, რომელიც ცოდნას, შინაარსის დავიწყებას ეხება, ადვილად აღდგენადია). ვალდორფის პედაგოგიკაში სწავლა სწავლების პროცესში დავიწყებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ფაქტებისა და შინაარსების მექანიკური დამახსოვრება ზოგიერთ შემთხვევაში არც წარმოადგენს აუცილებლობასა და თვითმიზანს, რადგან სწავლების პროცესში ვითარდება და ყალიბდება სხვადასხვა მნიშვნელოვანი უნარი, რაც მოსწავლის კომპეტენციების კომპლექსურ განვითარებას უწყობს ხელს.
განცდა-განწყობა, უნარი რომელიც სწავლის პერიოდში ყალიბდება ცხოვრების განმავლობაში გაჰყვება ადამიანს და ის „აღჭურვილია ცოდნით (თეორიული პარადიგმა, რომელიც განსაზღვრავს რა უნდა გავაკეთო და რატომ), შესაძლებლობით (მას შეეძლება იმის განსაზღვრა, სად რა ტიპის „ცოდნა“ გამოიყენოს და როგორ გააკეთოს ეს) და ამასთან, აქვს სამყაროს შემეცნების, თვითგანვითარების უწყვეტი სურვილი“ (1.)
დავიწყება-გახსენების ფაზა შემდეგნაირად განიხილება: დავიწყება ეპოქალური სწავლებისას არის არა პასიური პროცესი, არამედ შესწავლის, შემეცნების გზაზე სავსებით ბუნებრივი, საჭირო გამოცდილება. ეს არის წარსულის განცდა, რომელიც აწმყოზე ახდენს ზეგავლენას, გამოცდილება, რომელიც მომავალში ცოდნის, უნარ-ჩვევის ნაწილი გახდება.