ნებელობის განვითარება

თეა როგავა

14.01.20222

პროაქტიური, მტკიცე ხასიათის, მიზანდასახული, ძლიერი ნების მქონე ადამიანის აღსაზრდელად სააზროვნო უნარების განვითარების პარალელურად მნიშვნელოვანია ნებელობის წვრთნა, ნებისყოფის გამომუშავება.

სწავლა-სწავლების პროცესი გაჯერებული უნდა იყოს ნებელობის განმამტკიცებელი აქტივობებით, ამაზე ზრუნვა ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში იწყება და ძლიერ ნებელობად  ყალიბდება ეტაპობრივად. მის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს ბავშვის სოციალური გარემო.

პირველ შვიდწლეულში ცალსახად გამოხატული მიბაძვის ძალების მიმართვა შესაძლებელია ნებელობის განსავითარებლადაც. არა მითითებებით, არამედ მიბაძვით, ძალდატანების გარეშე.

სწავლობს ბავშვი დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას. ის იმეორებს იმავე ქმედებებს, რასაც ხედავს, აკვირდება. ბავშვი დამოუკიდებლად არ აალაგებს სათამაშოებს, მაგრამ აღმზრდელთან ერთად თამაშით, ხალისით აწესრიგებს მათ, მიჰყავს დაწყებული საქმე ბოლომდე.

უფროსი საჭირო ქმედებას ახორციელებს და სთავაზობს ბავშვს ჩაერთოს საერთო საქმიანობაში.  ჯერ კიდევ მცირედ განვითარებული ნატიფი და უხეში მოტორიკით, ბავშვს გაცილებით მეტი დრო დასჭირდება შედეგის მისაღწევად. ეს დრო აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს როგორც სხეულის დაუფლებისთვის, ასევე სააზროვნო უნარებისა და ნებელობის განვითარებისთვის. ამ ასაკში არ არის ყველა ქმედება გაცნობიერებულ-გააზრებული, თუმცა მრავალჯერ, ხალისით, თამაშით, ძალდატანების გარეშე, მიბაძვით გამეორებული ქმედება ჩვევად ყალიბდება.

„ მე ეს შემიძლია დამოუკიდებლად“ – ეს ის განწყობაა, რომელიც უნდა განვითარდეს ბავშვთან.  მიზნის მიღწევით გამოწვეული სიხარული, რომელიც წარმატებასთან ასოცირდება,  დამოუკიდებლობისა და ჯანსაღი თავდაჯერებულობისთვის აუცილებელი წინაპირობაა.  პირველ შვიდწლეულში შესაბამისი გარემო და ხელშეწყობა, სწორი აღმზრდელობითი

მიმართებები განსაკუთრებით ზემოქმედებს ბავშვის ნებელობის ჩამოყალიბებაზე დადებითად.  მოძრაობათა მომწესრიგებელ ცენტრად მარცხენა ჰემისფერო ითვლება და მიბაძვით,  მრავალჯერადი გამეორებებით ბავშვი დაისწავლის აზრიან მიზანშედეგობრივ ქმედებებს.  მთავარია ამ დროს არ მოხდეს შეუსაბამო ქცევების კოპირება.

მეორე შვიდწლეულში მხოლოდ მიბაძვის ძალები არ არის საკმარისი განვითარებისთვის,  როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ეტაპზე დიდ როლს თამაშობს გარე სამყაროს მიმართ გამოსამუშავებელი ემოციურ-მშვინვიერი აღფრთოვანება. მიბაძვის ძალების უკუსვლასთან ერთად ხდება საკუთარი ქმედებების ეტაპობრივი გაცნობიერება. რადგანაც ნებელობის აქტი საკუთარი თავის გარედან განცდას გულისხმობს, ის მოიცავს გარედან მომავალ იმპულსს,  რომელიც შესაძლოა განხორციელდეს, მაგრამ თვისობრივად მომავლის საკუთრებაა. ამ ასაკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სურათხატოვანი მეტყველება, ის პირდაპირ კავშირშია ნებელობის აღზრდასთან, რადგან აღსაზრდელი წარმოსახვასა და აზროვნებაში შინაგან აქტიურ პროცესს წარმოქმნის და სინამდვილეს მხოლოდ პასიურად არ ირეკლავს.

ამ ასაკობრივ პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ასაკობრივი განვითარების შესაბამისი და შესაფერისი ამოცანების/დავალებების შერჩევასა და შეთავაზებას. მოზარდს არ უნდა დაეკისროს ისეთი პასუხისმგებლობები, რაც დააფრთხობს ან შეაშინებს მას, ამიტომაც პედაგოგიური ამოცანაა სასწავლო მასალების იმგვარ ულუფებად მიწოდება, რომ მოსწავლემ შეძლოს სიღრმისეულად გათავისება. მნიშვნელოვანია რიტმულობა, თანმიმდევრულობა,  შემოქმედებითობა, დაწყებული საქმიანობების რუდუნებითა და პასუხისმგებლობით ბოლომდე მიყვანა. 

ყურადღება უნდა გამახვილდეს ოთხ მნიშვნელოვან ასპექტზე:

შეთავაზებულმა აქტივობებმა უნდა გამოიწვიოს აღფრთოვანება და ინტერესი;

ის უნდა იყოს ბავშვისთვის ინტელექტუალურად გასაგები და ფიზიკურად დაძლევადი; დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა იქნეს მიყვანილი პასუხისმგებლობით;

მსგავსი ქმედებები რიტმულ – გამეორებითი უნდა იყოს, რათა ჩვევაში გადაიზარდოს.

მე-ს განცდა ნებელობითი ქმედებისას განსხვავდება იმპულსური ქცევისაგან და ის აღსაზრდელია, თუმცა ამ ასაკში ეს ორი ასპექტი ერთმანეთში ბუნებრივად გადადის.  ეტაპობრივად, ცალკეული ელემენტების გამეორებადი გააზრება-გაცნობიერებით, მოსწავლე განასხვავებს მოთხოვნილებებზე დამყარებულ იმპულსურ ქცევას ნებელობითი აქტისაგან და დაიწყებს საკუთარი შესაძლებლობებისა და გარემომცველი რეალობის ობიექტურად აღქმას,  მოიპოვებს ნდობას და აღფრთოვანებას საკუთარი თავისადმი და სამყაროსადმი.

აღზრდის პროცესში სამყაროსეული წესრიგისა და კანონზომიერებების შემჩნევა, აღმოჩენა,  საკუთარი თავის ამ ყველაფრის მნიშვნელოვან ნაწილად აღქმა, მადლიერების განცდად უნდა ჩამოყალიბდეს. ეს მნიშვნელოვანი საბაზისო განცდაა, რადგან ცხოვრების შემდეგ შვიდწლეულში ნებელობა მთლიანად მე-ს ქმედებად უნდა იქცეს!

მესამე შვიდწლეულში შემეცნებითა და აზროვნებითაა მოსაპოვებელი საკუთარი თავი და სამყარო. ეს საჭიროებს ძლიერ ნებისყოფას. მოზარდმა ქმედება უნდა გააცნობიეროს, გაიაზროს,  გაიცხადოს. მრავალმხრივი აქტივობები შემეცნებას, ფსიქო-ემოციურ კავშირს,  გამოცდილებებზე დამყარებულ პრაქტიკულ ქმედებებს უნდა მოიცავდეს.

აბსტრაქტული აზროვნების განვითარების პარალელურად მოზარდს შესაძლებლობა უნდა მივცეთ იმპულსური, აქტუალური მოთხოვნების შესაბამისი ქმედებების მიმართ მეტი სიფხიზლე გამოიმუშაოს. პიროვნული და ემოციური ინტელექტის ზრდის კვალდაკვალ ვითარდება ემპათია;

გაცნობიერებული ნებელობითი აქტი გულისხმობს საკუთარი ქმედებების ობიექტივიზაციას და ამიტომაც საჭიროებს აზროვნებას და სითამამეს – დისტანცირებას.

დასახული ამოცანების წარმატებით გადაწყვეტა, დაძლევადი სასწავლო მიზნების შესრულება უზრუნველყოფს გარანტირებულ შედეგს – ჯანსაღი თავდაჯერებულობა, ნდობა საკუთარი  თავისადმი და სამყაროსადმი. 

ნებელობითი ქმედება მომავალს იმპულსის მატარებელია და მამაცი ახალგაზრდა არ უნდა შეუშინდეს პასუხისმგებლობას ー ინდივიდის გაცნობიერებული პასუხისმგებლობა. ამისთვის ვალდორფის სკოლებში შეთავაზებულია სხვადასხვა პროფესიული აქტივობები: სასოფლო სამეურნეო, ეკოლოგიური, სოციალური, თეატრი, პრობლემაზე და მისი გადაჭრის გზებზე ორიენტირებული კვლევები, საგნობრივ-თემატური კვლევები ინდივიდუალურად და ჯგუფურად და. ა.შ.

ნებელობითი ქმედება გულისხმობს პირველ შვიდწლეულში: მიბაძვას ფიქრის გარეშე – ბავშვი სწავლობს მოძრაობათა მოწესრიგებას, მიზანშედეგობრივ ქმედებას;

მეორე შვიდწლეულში ー წესებისადმი მორჩილებას და ზოგადი კანონზომიერების აღმოჩენას,  მოწესრიგებულ მიზანშეწონილობას ー მოზარდი აღფრთოვანებულია დაძლევადი ქმედებებით;  ის რაც ხელმისწავდომია და განხორციელებადია ინტელექტუალურად და ფიზიკურად,  აძლიერებს ნებელობას; 

მესამე შვიდწლეულში ー სითამამეს გადაწყვეტილებებისადმი, „მე“ იმპულსი – აცნობიერებს ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის აღების აუცილებლობას და არ უშინდება მას;  იცის რას აკეთებს (კომპეტენცია); აწონის, ალაგებს და იაზრებს ( განსჯა); არის მზად მიიღოს ნებისმიერი შედეგი, როგორც გამოცდილება და პროცესი, როგორც მომავლის იმპულსი (პასუხისმგებლობა).