სააღმზრდელო და საგანმანათლებლო წრეები

ვალდორფის პედაგოგიკის კამპუსი ლისი მოსწავლეებს სთავაზობს გაკვეთილების შემდგომ პროგრამას, რომელიც დაიწყება გაკვეთილების დასრულებისთანავე და დასრულდება 18:00 საათზე.

აღნიშნული პროგრამა განსხვავდება საგაკვეთილო პროცესისგან და მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გონებრივად დატვირთული სასწავლო პროცესის შემდეგ მეტად თავისუფალ და არაფორმალურ გარემოში განივითარონ სხვადასხვა უნარები საინტერესო და სახალისო აქტივობების მეშვეობით.

     კვირის განმავლობაში ხორციელდება შემდეგი წრეები და აქტივობები:

  • მე და ბუნება

აღნიშნული წრე მოიცავს რამდენიმე მიმართულებით მუშაობას, როგორიცაა მიწაზე მუშაობა, მიწის მოვლა, მისი მომზადება მცენარეების გადასარგავად და ა.შ.  მებაღეობის ხელსაწყო-იარაღების გაცნობა და გამოყენება; ეკო-სისტემაზე ზრუნვა, სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის დასუფთავება.

  • ხელმარჯვე ბავშვები

მოსწავლეებს შეეძლებათ საკუთარი ხელებით, ბუნებრივი მასალით დაამზადონ სხვადასხვა დანიშნულების ნივთები. ისინი შეისწავლიან თიხაზე, თექასა და ხეზე მუშაობას და სხვ. იმუშავებენ კულინარიის მიმართულებით, მაგ.:  გამოაცხობენ საშობაო ორცხობილებს, პურს და ა.შ. 

  • გუნდური აქტივობა

მოსწავლეებს შეეძლებათ ჩაერთონ ფიზიკურ აქტივობებსა და თამაშებში სკოლის ეზოში ან დარბაზში და  განივითარონ  თანამშრომლობის უნარი.  მაგალითად: გუნდის წევრებს შორის კონსენსუსისა და კომპრომისის მიღწევის აუცილებლობასა და  კოორდინირებულად მოქმედებაზე ზრუნვა,  ძლიერი მხარეების სათანადოდ დაფასება და სხვებისთვის დახმარების გაწევისთვის მზადყოფნა და ა.შ.

  • კითხვის კლუბი

მოსწავლეები ყოველდღიურად, 25 წუთის განმავლობაში გაეცნობიან ლიტერატურულ ნაწარმოებს. ლიტერატურა იქნება შერჩეული ასაკის შესაბამისი, ასევე, სასწავლო საფეხურის მიხედვით განისაზღვრება მასწავლებლის ჩართულობა პროცესში. კითხვის კლუბი მიზნად ისახავს კითხვის, მოსმენის, ზეპირი მეტყველების და წერის უნარების განვითარებას და უზრუნველყოფს წიგნიერების დონის ამაღლებას.

 

  • მუსიკის კლუბი

მოსწავლეებს ექნებათ საშუალება დარგის სპეციალისტისგან მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე და გამოცადონ ისინი. შეასრულებენ მასწავლებლის მიერ შერჩეულ სიმღერებს, დაუკრავენ ინსტრუმენტებზე. ბავშვები შეძლებენ წინამუსიკალური და სმენითი უნარების განვითარებას; კლასგარეშე მუსიკალური ნაწარმოების დამუშავება გასცდება საპროგრამო არეალს და დაეხმარება სასწავლო პროგრამის მარტივად ათვისებაში.

 

  • ინგლისურის კლუბი

მოსწავლეებს ექნებათ საშუალება გაივარჯიშონ ინგლისური არაფორმალურ გარემოში. პროცესი იქნება სახალისო და პრაქტიკულ აქტივობებს მიბმული, გაჯერებული სხვადასხვა თამაშებით.  პროცესი წარიმართება სრულად ინგლისურ ენაზე, რაც მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას უცხო ენის ცოდნა  პრაქტიკაში გამოცადონ

  • თავისუფალი თამაში

მოსწავლეებისთვის ყოველდღიურად გამოყოფილი იქნება დრო თავისუფალი თამაშისათვის. ბავშვები იქნებიან წამყვან როლში, თავად მოიფიქრებენ თამაშს თავიანთი ინტერესების მიხედვით, შეადგენენ წესებს, დაიცავენ მათ და დამოუკიდებლად წარმართავენ პროცესს.

  • დრო საშინაო დავალებებისთვის

მოსწავლეებისთვის გამოყოფილი იქნება დრო და სივრცე, სადაც მათ შეუძლიათ სურვილის შემთხვევაში, მშვიდ გარემოში, დამოუკიდებლად შეასრულონ საშინაო დავალება.