ა(ა)იპ ვალდორფის პედაგოგიკის კამპუსი ლისის მისია
ჩვენ შესახებ
არაკომერციული, არამომგებიანი იურიდიული პირი, ვალდორფის პედაგოგიკის კამპუსი ლისი სახელმწიფოს მიერ აღიარებული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლის კონცეფცია აერთიანებს საბავშვო ბაღს, დაწყებით, საბაზო-საშუალო სკოლას და პროფესიულ სასწავლებელს. ხელმძღვანელობა ეფუძნება ჰორიზონტალურ თვითმმართველობის პრინციპს.
მისია
ვალდორფის პედაგოგიკის კამპუსი ლისი ახორციელებს ანთროპოსოფიულ სულის მეცნიერებაზე დაფუძნებულ ალტერნატიულ ვალდორფის პედაგოგიკას, ქართული ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის გათვალისწინებით და საზოგადოებას სთავაზობს განათლების მაღალ ხარისხს.
ვალდორფი ლისი ქმნის პიროვნების ფიზიკური, გონებრივი, სულიერ-მშვინვიერი ჰარმონიული განვითარებისთვის ხელსაყრელ, ჯანსაღ გარემოს, რათა აღიზარდოს ძლიერი ნების, თავისუფალი ადამიანი, რომელიც პრაქტიკულად დაუკავშირდება რეალურ სამყაროს და თვითონ განსაზღვრავს საკუთარ როლს ამ სამყაროში.
აღმზრდელ-პედაგოგები და მშობლები ქმნიან სააღმზრდელო სოციუმს, ინაწილებენ პასუხისმგებლობას ბავშვისა და მოზარდის განათლების, აღზრდა-განვითარების საკითხებში. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი ენიჭება ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას.
ხედვა
ვალდორფის პედაგოგიკის კამპუსი ლისი 2030 წლისთვის:
- აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით, რომელიც შეესაბამება ვალდორფის პედაგოგიკის პრინციპებს. ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო გარემოში სწავლის, მუშაობის, სოციალური ურთიერთობებისა და თამაშისთვის საუკეთესო პირობებია შექმნილი.
- დაწესებულებას აქვს კარგი რეპუტაცია და მაღალი ცნობადობა. ამის დასტურია საბავშვო ბაღის ოთხი ჯგუფი, საბაზო საფეხურის სრულად შევსებული კლასები. მოსწავლეების განწყობა-დამოკიდებულება ორგანიზაციის მიმართ პოზიტიურია. მათი განათლების დონის მაჩვენებლები, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების, ფიზიკური და პიროვნული განვითარების პროგრესი ცხადყოფს, რომ სწავლა-სწავლების პროცესი ჯეროვნად დაგეგმილია და წარმატებით ხორციელდება.
- სკოლა (დაწყებითი და საბაზო საფეხური) და ბაღი არის ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება. ფლობს ვალდორფის პედაგოგიკის საერთაშორისო კონფერენციის მიერ აღიარებულ და დამტკიცებულ სახელსა და ლიცენზიას.
- თანამშრომლები გამოირჩევიან მაღალი კვალიფიკაციით. სემინარი ყოველწლიურად უზრუნველყოფს პედაგოგთა გადამზადებას ალტერნატიული პედაგოგიკის მიმართულებით.
- მშობელთა მხარდამჭერი ჯგუფი აქტიურად თანამშრომლობს ორგანიზაციასთან.
ღირებულებები
ორგანიზაცია განვითარებისა და მმართველობის საკითხში ძმობის, თანასწორობისა და თავისუფლების, სოციალური სამწევროვნების, სულისმეცნიერების პრინციპების გათვალისწინებით ხელმძღვანელობს.
დამოუკიდებლობა: ვალდორფის სკოლა თვითმყოფადი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც საკანონმდებლო მოთხოვნების ფარგლებში ახორციელებს საქმიანობას. აღზრდა-სწავლისა და სწავლების პროცესი წარიმართება ადამიანის განვითარების შესატყვისი შინაგანი მოთხოვნილების შესაბამისად.
გუნდურობა: სკოლის საზოგადოების წევრები ინაწილებენ პასუხისმგებლობას ბავშვისა და მოზარდის განათლების, აღზრდა-განვითარების საკითხებში. გუნდურობის პრინციპი თანამშრომლობის საფუძველია, ორგანიზაციის ყველა წევრი განმსჭვალულია ურთიერთპატივისცემით.
თანასწორობა: კამპუსი ღიაა ყველასთვის, მიუხედავად აღმსარებლობისა, სქესისა, რასობრივი და სოციალური კუთვნილებისა. ორგანიზაციის თითოეული წევრისთვის უზრუნველყოფილია სწავლის, მუშაობისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობები.
ნდობა: ორგანიზაციის საერთო პასუხისმგებლობების გადანაწილების, ინდივიდუალური მოვალეობების განხორციელებისა და კეთილსინდისიერი ქმედების პრინციპზე დაყრდნობით, კამპუსი ლისი ქმნის სანდო, უსაფრთხო ატმოსფეროს, გარემოს, აძლიერებს ორგანიზაციის თითოეული წევრის მიკუთვნებულობის განცდას.
ემპათია და მიმღებლობა: სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებით, ერთმანეთზე ზრუნვით, თანამშრომლობით, სხვა ადამიანის გათვალისწინებითა და მათი დახმარებით, პიროვნული სიმპათია-ანტიპათიისგან დაცლილი მიმართებების ხელშეწყობით იქმნება თანაგანცდით გაჯერებული გარემო, ატმოსფერო.
გამჭვირვალობა: ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობა უზრუნველყოფილია გეგმების, ქმედებებისა და აქტივობების შესახებ ანგარიშების წარდგენით სასკოლო საზოგადოებისთვის.
სკოლის საზოგადოება, მშობლები, მასწავლებლები, მოსწავლეები ქმნიან გარემოს, რომელიც ადამიანის აღზრდა/ჩამოყალიბებისთვის, ჯანსაღი განვითარებისთვის შესაფერისი ადგილია. აქ ნებისმიერ მსურველს ეძლევა შესაძლებლობა, გახდეს საზოგადოებრივი ცხოვრების თანამონაწილე.