ზეიმი ვალდორფის საბავშვო ბაღში

24/06/2022

ვალდორფის საბავშვო ბაღის სასწავლო წლის ბოლო ზეიმი, რომელსაც ყვავილების ზეიმს ვეძახით, ყველაზე ამაღელვებელი და სამახსოვრო დღეა ჩვენი აღმზრდელების და აღსაზრდელებისთვის. დილა იწყება ყვავილების გვირგვინების დაწვნით, ბავშვები თამაშობენ სხვადასხვა თამაშებს, ირგებენ ყვავილების გვირგვინებს, ვიღებთ სამახსოვრო ფოტოებს და იშლება განსაკუთრებული, სადღესასწაულო სუფრა, სასკოლო ბავშვების მშობლები უმასპინძლდებიან ამ დღეს ბავშვებს. შემდეგ ისევ ეზოს თამაშები, სხვადასხვა აქტივობები და ბოლოს საზეიმო დღის დასასრულს, სასკოლო ბავშვების გაცილება ცხოვრების დიდ გზაზე, რომელსაც სკოლა ჰქვია.

ამ ზეიმისთვის განსაკუთრებით ემზადებიან სასკოლო ბავშვები, მათთვის ბოლო სასწავლო წლის განმავლობაში, საკუთარი გამრჯე ხელებით, დაგროვილი უნარებით, ტემპერამენტით და ფანტაზიით ამზადებენ სხვადასხვა ნივთს – ქსოვენ მრგვალ ხალიჩას, ოთკუთხედ ხალიჩას, ჩორკნიან და აზუმფარებენ ხის ხმალს და ხის ჩარჩოს. აღმზრდელები უკრავენ ნახატების ალბომს, რომელიც ბაღში ყოფნის პერიოდში დაუგროვდათ და ბავშვის განვითარებას ასახავს 3 წლიდან სასკოლო ასაკამდე. უმზადებენ ფოტოალბომს, რომელზეც ბაღში ყოფნის სამახსოვრო კადრებია აღბეჭდილი. დგამენ მაგიდის თეატრს, რომელსაც სასკოლო ბავშვები უჩვენებენ თავიან უმცროს მეგობრებს, მშობლებს და სტუმრებს. ბოლოს დგება ყველაზე ამაღელვებელი მომენტი, ემოციით და სიხარულის ცრემლებით სავსე დამშვიდობება. ბავშვი დედას ადგამს ყვავილების გვირგვინს, აანთებს სანთელს, აღმზრდელი თავზე ოქროს გვირგვინს მოარგებს, მშობელს თავისი შვილის ნამუშევრებს გადასცემს და ჯადოსნური სიტყვებით აცილებს მის აღზრდილს მომავლის გზაზე, სადაც უამრავი თავგადასავალი და საინტერესო გამოწვევები ელოდება.

(ფოტო: მაია ღვინჯილია)

საინტერესოა? გააზიარე!